პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკებაზე არმისვლით დასავლეთს ბოიკოტი გამოუცხადა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ გუშინ, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში ელჩებთან შეხვედრაზე არმისვლით დასავლეთს ბოიკოტი გამოუცხადა. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"ყველაზე საინტერესო გუშინ მოხდა, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ქართული ოცნების ბოიკოტი დასავლეთს. მე ამას ასე დავარქვი, ეს იყო ბოიკოტი დასავლურ სამყაროს, რომ ისინი არ გამოცხადდნენ მოლაპარაკებებზე, წარმოგიდგენიათ? კი დავინტერესდი რატომ გადაიდო ეს შეხვედრები და შემდეგ მივხვდი, რომ ამის გამო იყო...". – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტში შემოთავაზებლია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

დოკუმენტი ასევე მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილი მხარე ამნისტიის შესახებ კანონის ინიციატივით უნდა გამოვიდეს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და ბრალდების შესახებ.

"შემდეგ ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ ხმა მისცენ საკანონმდებლო ცვლილებებს და საპარლამენტო წესების რეფორმას". – ნათქვამია დოკუმენტში. 


ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკებების წინა რაუნდისთვის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები