პოლიტიკური კრიზისი

დღეს, 15:00 საათზე ოპოზიცია რიყეზე შეიკრიბება

ევროპული საქართველო

დღეს, 19 აპრილს, 15:00 საათზე, ოპოზიცია რიყეზე შეიკრიბება. ისინი მოსახლეობას ოპოზიციის გეგმების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

როგორც ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ამბობს, ღონისძიება 15 მაისამდე გასამართ ღონისძიებებს შორისაა. მისივე თქმით, საუბარი იქნება ქვეყნის უმთავრეს პრობლემებზე და "ამ ერთიანობით, კიდევ ერთხელ ხელისუფლებამ გაიგოს, რა ნაბიჯები აქვს მას გადასადგამი და რა არის მთავარი თემები". 

"დღეს გადავწყვიტეთ რომ გვქონოდა ამ ტიპის შეკრება, ასეთი საჯარო, ღია დისკუსია, იქნებიან პარტიის ლიდერები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, თითოეული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები. შეიკრიბება ოპოზიციური საზოგადოება და კიდევ ერთხელ დააყენებს ყველა იმ საკითხს, იმსჯელებს ღიად ამ საკითხებზე, ეხება ნიკა მელიას გათავისუფლებას, სასამართლოს, ახალი არჩევნების თემას და სწორედ ამგვარად ვიმსჯელებთ და ვფიქრობ რომ საჯარო განხილვა კარგი გზავნილი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის".- ამბობს წერეთელი TV პირველთან

"ჩვენ ვაპირებთ ადამიანების ხმა გავაგებინოთ ხელისუფლებას, რომ თავგასულობა და ის უბედურება რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში სჭირს ამ ქვეყანას, აუცილებლად უნდა დასრულდეს და ეს იქნება, ასე ვთქვათ, დეკლარირება ჩვენი ერთიანობის და 15 მაისისთვის მზადების".- აღნიშნავს ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტი მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები