პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: ალბათ, დოკუმენტში იქნება ცვლილება ვადამდელსა და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის აზრით, დოკუმენტში, რომელიც დღევანდელ მოლაპარაკების მაგიდაზე იქნება წარმოდგენილი, კორექტივები იქნება შეტანილი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით. 

ამის შესახებ სამადაშვილმა ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრის დაწყებამდე თქვა. 

"მე ვფიქრობ, რომ ალბათ კორექტირება უნდა შევიდეს იმ დოკუმენტში, რომელიც იყო წინა ჯერზე მოლაპარაკებების საფუძველი, იმიტომ, რომ სამი პუნქტი ამ ხუთი პუნქტიდან შეიძლება ითქვას, შეთანხმებულია, შესაბამისად, ალბათ, უფრო მარტივი იქნება 2 შეუთანხმებელ პუნქტთან დაკავშირებით რაიმე განახლებული წინადადებები განვიხილოთ". - ამბობს სამადაშვილი. 

მისივე თქმით, მათთვის გადამწყვეტია სწორედ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი. 

"ის საბოლოო დოკუმენტი, რომელიც იყო უკანასკნელი მოლაპარაკებების რაუნდზე მაგიდაზე, ორი პუნქტი იქიდან ჩვენთვის მისაღები არ არის - პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების შესახებ, ამიტომ, ველოდებით, დღეს რა იქნება ამ განახლებული პროცესის საბაზისო მოლაპარაკებების დოკუმენტში და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის გადამწყვეტია პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა და ვადამდელი არჩევნების თემის ასახვა მოლაპარაკებების დოკუმენტში". - ამბობს სამადაშვილი. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრა იწყება. 14:00 საათზე დანიშნული შეხვედრა ჯერ 17:00 საათამდე, შემდეგ კი 19:00 საათამდე გადაიდო. 

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დაესწრებიან. 

16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად მოაწერს. ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ დოკუმენტს, რომელშიც ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის და პოლიტიკური პატიმრების შესახებ პუნქტი ბუნდოვანია, ხელს არ მოაწერენ.

    კომენტარები