ხორბლის ბაზარი

საქართველოში 1 ჰა–ზე 2 ტონა ხორბალი მოდის, სომხეთ-აზერბაიჯანში – 3, უკრაინაში – 4

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ხორბლის წარმოებამ 101.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0.6%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

ჯამური მოსავლის ზრდის მიუხედავად, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია ხორბლისა და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები, თუმცა, გაიზარდა სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობების მაჩვენებლები. კერძოდ, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ გასულ წელს 2.2 ტონა/ჰა შეადგინა. 

ხორბლის მოსავლიანობა წლიდან წლამდე იცვლება. მაგალითად, 2016 წელს 1 ჰექტარ ქართულ მიწაზე 2.6 ტონა ხორბალი მოდიოდა, 2017-ში – 2.2, 2018 წელს კვლავ – 2.5, 2020 წელს კი მაჩვენებელი ბოლო 5 წლის მინიმუმზეა. 

რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ჰექტარზე მოსავლიანობა საქართველოში ყველაზე დაბალია. 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, უკრაინაში 1 ჰექტარზე, საშუალოდ, 4 ტონა ხორბალი მოდის, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში კი – 3. 

კომენტარები