ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის საერთაშორისო მდივან კახა კუჭავასთან და პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანთან ერთად სენატორებს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა.
აშშ-ს ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სენატორ ჯეიმს რიშს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ჯორჯ კენტს და კრის სმიტს, კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის შეხვდა.
აშშ-ში ქართული დელეგაცია 12 აპრილს გაფრინდა და ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.
საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 23 მარტს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერის მოსმენა გაიმართა. სხდომაზე შეაფასეს და განიხილეს დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში.
სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი გაუძღვა. შაჰინი მრავალი წელია, რაც საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას აკვირდება და ეხმიანება. მოსმენის პროცესში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებმა - ჯორჯ კენტმა და კარა მაკდონალდმა.
ვრცლად იხილეთ:





