ნოტრ-დამის ხანძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრიდან 2 წელი გავიდა – რა ეტაპზეა აღდგენითი სამუშაოები

ტაბულა

ზუსტად ორი წლის წინ, 2019 წლის 15 აპრილს პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ცეცხლის ალში გაეხვია.

ხანძრის შედეგად განადგურდა მე-19 საუკუნის გუმბათი, XII-XIII საუკუნით დათარიღებული ხის სახურავი, დაიწვა შიდა სათავსოების ნაწილი, ცეცხლის ჩაქრობისას წყლისგან დაზიანდა 1402 წელს დადგმული ორგანი. 

ფრანგი რესტავრატორებისა და არქიტექტორ ჟან-მიშელ ვილმოტის გათვლით, ტაძრის სრულ რეკონსტრუქციას 10-15 წელი და 1 მილიარდი ევრო დასჭირდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეკლესიის ხუთ წელიწადში აღდგენა დასახა მიზნად. 

პირველივე დღეს ტაძრის აღდგენისთვის ადგილობრივმა ბიზნესმენებმა და მეცენატებმა თანხის შეგროვება დაიწყეს. თანხა გამოყო ასევე ილ-დე-ფრანსისა და პარიზის ადმინისტრაციამ. ერთ დღეში შეგროვებულმა თანხამ 600 მილიონი ევრო შეადგინა.

2019 წლის 15 ივნისს, ხანძრიდან ორ თვეში პირველად, ტაძრის სამრეკლოში წირვა გაიმართა.

საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოს, კათოლიკური ტაძრის მშენებლობა კუნძულ სიტეზე, პარიზის ეპისკოპოსის, მორის დე სიულის, ინიციატივით 1163 წელს დაიწყო და 1345 წელს დასრულდა. ნოტრ-დამი რომაულიდან ნორმანდიულ არქიტექტურულ სტილში გარდამავალი ერთ-ერთი პირველი გოთიკური სტილის დიდი ტაძარია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ტაძრის კედლებში თავზე გვირგვინი დაიდგეს ისეთმა ლეგენდარულმა მმართველებმა, როგორებიც იყვნენ კარლოს VII და ნაპოლეონ ბონაპარტი. აქ იქორწინეს მარია სტიუარტმა და დოფინმა ფრანსუამ. 1831 წელს ვიქტორ ჰიუგომ ეს უნიკალური ნაგებობა უკვდავყო რომანში "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი". 1945 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად კარდინალმა სიუარმა, გენერალ დე გოლს, ასევე ამერიკის, ინგლისისა და საბჭოთა კავშირის მთავრობის წევრებს უმასპინძლა, შეხვედრა ორგანზე შესრულებული მარსელიეზის შემდეგ დაიწყო.

დღეისათვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეჩერებული. ნახეთ, როგორ მიმდინარეობს ტაძრის რეაბილიტაცია:

 

კომენტარები