გაერთიანებულ სამეფოში გამოძიებამ დაასკვნა, რომ პუტინის კრიტიკოსი რუსი ბიზნესმენი, ნიკოლაი გლუშკოვი, რომელიც 2018 წელს ლონდონში თავის სახლში გარდაცვლილი იპოვნეს, გაგუდეს.
აღსანიშნავია, რომ მომხდარიდან მალევე გამომძიებლებს ეს ვერისია სარწმუნოდ მიაჩნდათ.
დასავლეთ ლონდონის სასამართლომ მოისმინა მტკიცებულება, რის მიხედვითაც სურდათ, მისი გარდაცვალება თვითმკვლელობად წარმოეჩინათ, თუმცა მომხდარში მესამე მხარის ხელი ერია.
უფროსი გამომძიებლის, ჩინირ ინიამას დასკვნით, გლუშკოვი უკანონოდ მოკლეს.
ნიკოლაი გლუშკოვი სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლიდან ერთ კვირაში მოკლეს.
პათოლოგანატომის დასკვნაში ნათქვამია, რომ დაზიანებები "შეიძლება შეესაბამებოდეს კისრის მოსაჭერით [გაგუდვას], ის შეიძლება გამოიყენეს უკნიდან, თავდამსხმელი მსხვერპლის უკან იყო".
ვერდიქტში ვკითხულობთ: "ყველა დოკუმენტით, ყველა შეგროვებული მტკიცებულებით, ნიკოლაი გლუშკოვი უკანონოდ მოკლეს".
საქმესთან დაკავშირებით 1 800 პირი გამოჰკითხეს და 420-ზე მეტი ჩანაწერი აიღეს. მომხდარის გამო ჯერ არავინ დაუკავებიათ და მოტივი კვლავ უცნობია.
გლუშკოვი ასევე გარდაცვლილი რუსი ოლიგარქის და პუტინის ოპონენტის ბორის ბერეზოვსკის ახლო მეგობარი იყო. ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ნიკოლაი გლუშკოვი კომპანია აეროფლოტის გენერალური დირექტორი იყო, ასევე ის და ბერეზოვსკი იყვნენ შვეიცარიული კომპანიის, ანდავას მთავარი წილის მფლობელები. 2000 წელს ნიკოლაი გლუშკოვი ანდავაში ფულის გათეთრებისა და გაყალბების მიზეზით 5 წლით დაიჭირეს. ის 2004 წელს გაათავისუფლეს. მას 2010 წელს გაერთიანებულ სამეფოში თავშესაფარი მისცეს. 2017 წელს რუსეთის სასამართლომ ის £87 მილიონის მოპარვაში დაადანაშაულა და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.