აშშ

კაპიტოლიუმის პოლიციაზე თავდასხმას ერთი სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა

კაპიტოლიუმის ბარიკადი, რომელსაც მანქანა დაეჯახა
CNN

2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს კაპიტოლიუმის პოლიციელებს თავს დაესხნენ.

CNN-ის ახალი ცნობების მიხედვით, თავდამსხმელმა ჯერ კაპიტოლიუმის ორი პოლიციელი მანქანით გაიტანა და ბარიკადს შეასკდა. შემდეგ იგი მანქანიდან დანით ხელში გადმოვიდა. პოლიციის ბრძანებები არ შეასრულა და მათზე თავდასხმა სცადა. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. 

ერთ-ერთი დაშავებული პოლიციელი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მოკვდა თავად თავდამსხმელიც. 

ვაშინგტონის პოლიციის უფროსის თქმით, ამ შემთხვევას არ უნდა ჰქონდეს კავშირი ტერორისტულ აქტთან, მაგრამ გამოძიება გაგრძელდება. 

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ კაპიტოლიუმის დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა, რათა დაღუპულ პოლიციელს პატივი მიაგონ.

კაპიტოლიუმის თანამშრომლებს შენობის დატოვების უფლებას ჯერ კიდევ არ აძლევენ. შენობის პერიმეტრი კვლავ ჩაკეტილია.

კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორია ახლა
ფოტო: CNN

2021 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ამ ქმედების წახალისებაში ბრალი თავად ყოფილ პრეზიდენტს დასდეს, რის გამოც მოეწყო მისი იმპიჩმენტის პროცესი, უკვე მეორედ. დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 
14 თებერვალს აშშ-ს სენატმა იმპიჩმენტის პროცესში ტრამპის მსჯავრდებას მხარი არ დაუჭირა.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემფასებელთა სპეციალური ჯგუფი კონგრესს ამ სამთავრობო შენობის თავდაცვითი სისტემის გაუმჯობესებას სთხოვს.

6 იანვარს აშშ-ს ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის განსახილველად აშშ-ში სპეციალური ჯგუფი იყო შექმნილი. ჯგუფს ევალებოდა ამ დღის მოვლენების განხილვა, შეფასება და მომავალში მსგავსი საფრთხის თავიდან აცილების გზებზე ფიქრი.

სპეციალური ჯგუფი კონგრესს კაპიტოლიუმის პოლიციის გადამზადებისკენ, 233 სამუშაო ადგილის ვაკანსიის დროულად შევსებისკენ, დაფინანსების გაზრდისკენ და დამატებითი 350 პოლიციელის დაქირავებისკენ მოუწოდებს. საუბარია კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობის გარშემო თავდაცვითი სტრუქტურების აშენებაზეც და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასაწყობი ღობის დამონტაჟებას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში აღმართავენ. ასევე, სპეციალური ჯგუფი კონგრესს ურჩევს, ხშირად ჩაატარონ შენობის ევაკუაციის სიმულაციები და ტრეინინგები. ყურადღება ექცევა მთავრობის წარმომადგენლების კაპიტოლიუმის გარეთ დაცვასაც. 

სპეციალურ ჯგუფს სურს, რომ მსგავსი ვითარების გამეორების შემთხვევაში, კაპიტოლიუმის პოლიციამ უფრო სწრაფად და პროფესიონალურად იმოქმედოს. მათი შეფასებით, პოლიციელები 6 იანვრის თავდასხმისთვის მზად არ იყვნენ და გამოცდილება არ ჰქონდათ.

კაპიტოლიუმის შენობა თავდასხმის საფრთხის გამო ამჟამად დროებით არის გამაგრებული.

კომენტარები