სამოქალაქო აქტივისტების წერილი

"მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების დევნა" – აქტივისტების მიმართვა დანიელსონს

შალიკა სტუდიო

სამოქალაქო აქტივისტები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შერლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მიმართავენ. წერილში, რომელსაც 10 ორგანიზაცია აწერს ხელს, საუბარია სამოქალაქო აქტივისტების დევნასა და რეპრესიებზე. 

ტაბულა წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო კრისტიან, მოხარული ვართ თქვენი მორიგი ვიზიტით საქართველოში. მიგვაჩნია, რომ თქვენს ვიზიტს შეუძლია არსებითად დაასრულოს არსებული პოლიტიკური კრიზისი. თქვენი მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების ერთ-ერთი ძირითადი თემა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების საკითხის გადაწყვეტა, მათი გათავისუფლებაა.

ამ კონტექსტში გვინდა მოგახსენოთ, რომ გარდა ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეებისა, 19 აქტივისტზე არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული ანტიკონსტიტუციური კომენდანტის საათის დროს პროტესტის გამოხატვის გამო, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს. ასზე მეტი აქტივისტი კი ანალოგიური საფრთხის წინაშეა. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ სხვადასხვა დროს, მშვიდობიანი პროტესტის დროს ასობით აქტივისტი დააკავეს. ყველა შემთხვევაში გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ერთი და იგივე მუხლი, აბსოლუტურად იდენტურია ასობით ადამიანის დაკავების ოქმები. აქტივისტებისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 100 000 ლარს აღწევს.

სამოქალაქო საზოგადოებაზე არსებული ზეწოლის შესახებ აშშ-ს სენატში 23 მარტს გამართულ მოსმენაზეც გამახვილდა ყურადღება. სამოქალო აქტივისტების სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვა სწორედ ამ ზეწოლის ნაწილია.

მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხით და გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები, რათა თავიდან ავიცილოთ პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში".- აღნიშნულია წერილში, რომელიც აქტივისტებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაში დატოვეს. 

ხელმომწერები:

  • მოძრაობა სირცხვილია
  • მოძრაობა შეცვალე
  • მოძრაობა საქართველოსთვის
  • მოძრაობა ალტერნატივა
  • მოძრაობა იმოქმედე
  • სამოქალაქო მოძრაობა გხედავ
  • თავისუფალი ზონა
  • დემოკრატიული მომავლისთვის
  • მოძრაობა ტალღა
  • მოძრაობა მე მიყვარს ბათუმი

კომენტარები