ევროკავშირი-ჩინეთი-რუსეთი

ბორელი: რუსეთ-ჩინეთის დაახლოება ეფუძნება დემოკრატიული ღირებულებების უგულვებელყოფას

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გამოაქვეყნა ბლოგი სათაურით – "კვირა დიდი დიპლომატიური დაძაბულობებით", სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილა ჩინეთი-ევროკავშირის და ჩინეთი-რუსეთის ურთიერთობები. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩინეთის დაახლოება ეფუძნება დემოკრატიული ღირებულებების უგულვებელყოფას.

ბლოგპოსტის დასაწყისში ბორელმა, ევროკავშირის მიერ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასთან ერთად, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა თანამოაზრე დასავლურ ქვეყნებთან ერთად ჩინეთის წარმომადგენლებისთვის და ჩინური ორგანიზაციისთვის სანქციების დაწესებას სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. 

ბორელი ჩინეთის მიერ დაწესებულ საპასუხო სანქციებზე წერს, რომ ეს ხაზს უსვამს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის არსებულ განსხვავებებს, როდესაც საქმე დემოკრატიულ პრინციპებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ეხება. 

ბორელმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირში ერთსულოვნად გმობენ ამ სანქციებს და ამავდროულად აღიარებენ, რომ ეს ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობას უფრო რთულს ხდის. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უერთდება 35 ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის სოლიდარობას სანქცირებული კოლეგებისადმი და მხარს უჭერს აკადემიური თავისუფლების დაცვას, ასევე ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ ევროპელ და ჩინელ მკვლევრებს შორის მეტი დიალოგია საჭირო. 

როგორც აღინიშნა, ჯოზეფ წერს ჩინეთის და რუსეთის ერთმანეთთან დაახლოებაზე მაშინ, როდესაც აღნიშნული ორი ქვეყნის საგარეო მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ და დასავლეთისგან ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის გაძლიერება განიხილეს. 

ბორელმა ასევე გამოეხმაურა ლავროვის ციტატას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ევროკავშირთან, როგორც ორგანიზაციასთან, კავშირი არ აქვთ და რომ ეს, ლავროვისვე სიტყვების თანახმად, ევროკავშირის ცალმხრივმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვიეს. 

"როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, მე მხოლოდ ვნანობ ამ ნაბიჯს და გამოვხატავ ჩემ მკაფიო უთანხმოებას ამ უსაფუძვლო პრეტენზიასთან". – წერს ბორელი

ბორელი წერს, რომ მოსკოვი და პეკინი მსგავსი ენით ლაპარაკობენ მაშინ, როდესაც ისინი დასავლეთს ან აშშ-ს ელაპარაკებიან.

"თუმცა, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა გავაანალიზოთ, თუ რა ამოძრავებთ მათ, მაგალითად, ეკონომიკურად, ორ ქვეყანას სურს მეტად დამოუკიდებელი იყოს დასავლეთისგან, თუმცა, ისინი ერთ ლიგაში არ თამაშობენ, მათ შორის ჩინეთი უფრო ძლიერია". – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა

მან ასევე დაასახელა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - ენერგია. ბორელი წერს, რომ ჩინეთს რუსეთისგან გაზი და ნავთობი სჭირდება, ხოლო მოსკოვი თავისი ენერგოექსპორტის ევროკავშირისგან დივერსიფიკაციას ესწრაფვის "ჩვენი ენერგო ტრანზიტის მზაობისა და ჩვენ ურთიერთობაში ზოგადი დაძაბულობის ფონზე". ის ასევე წერს, რომ ეს მარტივი სულაც არ არის, რადგან მსგავს დივერსიფიკაციას მნიშვნელოვანი ინვესტიციები და ინფრასტრუქტურა სჭირდება. ამასთან ერთად, ბორელი ჩინეთის ცენტრალურ აზიასთან კავშირის დამყარებაზე წერს, რომელსაც რუსეთის ტრადიციულ უკანა ეზოდ მოიხსენიებს. 

ეკონომიკური ფაქტორის გარდა ბორელი ხაზს უსვამს, რომ რუსეთ-ჩინეთის დაახლოება ეფუძნება დემოკრატიული ღირებულებების უგულვებელყოფას და ისინი ორივენი ეწინააღმდეგებიან, მათივე თქმით, დასავლეთისგან შიდა საქმეებში ჩარევას. 

ჯოზეფ ბოელი ვაშინგტონი-პეკინის ურთიერთობებზე, ახალ შესაძლო ცივ ომზეც გამოთქვამს მოსაზრებას. 

"ეს არ ნიშნავს, რომ განმეორდება ცივი ომის ბიპოლარულ სამყარო. რუსეთი არასდროს ყოფილა ეკონომიკური მეტოქე და არც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი დასავლეთისთვის, ხოლო ჩინეთი მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და ნამდვილად აუცილებელი სავაჭრო პარტნიორია აშშ-სა და ევროკავშირისთვის. ამას გარდა, პოლიტიკის მხრივ, მსოფლიო დღეს არა ორმხივი, არამედ მულტიპოლუსიანია". – წერს ბორელი.

ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობებზე ის წერს, რომ ღირებულებებზე, პოლიტიკურ სისტემებზე არსებული განსხვავებები "იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თანამშრომლობა ზოგ სფეროში და ინტერესი გვაქვს ჩინეთის და რუსეთის დაახლოების". 

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჩინეთთან "პარტნიორი, კონკურენტი, მეტოქის" ჩარჩოს ქონის აუცილებლობას. ხოლო, რაც შეეხება რუსეთს, ბორელი ირწმუნება, რომ აქ შემდეგი სტრატეგია უნდა იყოს –  "შეწინააღმდეგება, შეზღუდვა, ჩართვა". 

მან ჩინეთთან თანამშრომლობის საკითხებად მოიხმო კორონავირუსი, კლიმატის ცვლილებები და "უშიშროების სხვადასხვა გამოწვევა". თუმცა, კვლავ ხაზი გაუსვა ურთიერთობის ხშირად დაპირისპირებულ ბუნებას და იმ სტრატეგიულ განზრახვას, რაც რუსეთსა და ჩინეთს აქვთ. 

"ყველაფერი ეს არის ჩვენ მიერ 'ძალის ენის ლაპარაკის სწავლის' და ჩვენი სტრატეგიული ავტონომიის განვითარების ნაწილი." –  წერს ბორელი.

კომენტარები