სანომრე ნიშნები

1 აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილით გადაადგილებისთვის მფლობელი დაჯარიმდება

BPN.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

უწყების ცნობით, მომსახურების სააგენტომ 2014 წლიდან დაიწყო ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა და მაშინვე გამოცხადდა ნომრების შეცვლის ბოლო ვადა – კონკრეტული თარიღი 2020 წლის სექტემბერი, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეს ექვსწლიანი ვადა გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.

"ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით, მიმოქცევაში დარჩენილი იყო დიდი რაოდენობით ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიემართათ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისთვის. მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე, არაერთხელ მოხდა, საზოგადოების ინფორმირება, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდებათ 2021 წლის 1 აპრილიდან, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს აღნიშნული თარიღის შემდეგაც კვლავ შეუძლია კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში, სატრანსპორტო საშუალების მოყვანის და დათვალიერების გარეშე.

კომენტარები