პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ოცნების ინიციატივა არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად ჩანს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია შეეხო ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივას  რეფორმების პაკეტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.

გიგა ბოკერიას თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშე, მსგავსი ნაბიჯი არის არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობა.

"როგორც კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, იმთავითვე აქტუალური გახდება, ბუნებრივია, ბარიერის დაწევა, რომელიც არის ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მე პირადად ვთვლი, რომ საერთოდ 2%-მდეც შეიძლება დაწევა ამ კონკრეტულ ვითარებაში, ოღონდ, ბუნებრივია, ეს ყველაფერი, ზოგადად კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ამისთვის კი საჭირო არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიყურება, რაღაცა არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად, ისე, რომ რეალურად კრიზისი არ განიმუხტოს ქვეყანაში და იყოს ვითარება, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს არჩევნების აზრსაც კი, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის" - ამბობს გიგა ბოკერია 


ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს გეგმავს, თუმცა პარლამენტში 113 დეპუტატი არ არის.  ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 2 მარტს დაინიცირდა რეფორმების პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო პროცედურებს. 

ამ ინიციატივის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. პაპუაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც განიხილება, როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც

 

კომენტარები