რუსეთი

დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც პუტინს კიდევ ორი ვადით კენჭისყრის საშუალებას აძლევს

ვლადიმირ პუტინი
https://nversia.ru/

რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პრეზიდენტის პოსტის ორ ვადაზე მეტჯერ დაკავებას კრძალავს, თუმცა ამასთანავე კანონის ფარგლებში განულდება პრეზიდენტების წარსული ვადები. შესაბამისად, ვლადიმირ პუტინი და ასევე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სურვილის შემთხვევაში კიდევ ორი ვადით შეძლებენ კენჭისყრას.

კანონმდებლობაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, პრეზიდენტი ვერ გახდება ადამიანი, რომელსაც როდესმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან სხვა ქვეყანაში ხანგრძლივად ცხოვრების უფლება ჰქონდა.

საკანონმდებლო ცვლილებები ის ნაწილია იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტისა, რომელსაც მხარი რუსეთის მოსახლეობამ რეფერენდუმით დაუჭირა. ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის თარიღმა რუსეთში პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიწია. საბოლოოდ კენჭისყრა 25 ივნისიდან პირველ ივლისამდე პერიოდში გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ცვლილებებს მხარი 77.9%-მა დაუჭირა.

ვლადიმერ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით 2020 წლის 15 იანვარს, ფედერალური მიმართვის დროს გამოვიდა. ინიციატივა თავდაპირველად არ მოიცავდა საპრეზიდენტო ვადების განულებას ვლადიმერ პუტინისთვის.

კომენტარები