ჩანაწერები

სუბარი 2015 წლის ფარულ ჩანაწერებზე: იურისდიქცია არ ჰქონდა საქართველოს

ქართული ოცნება

"როცა საქართველოს მოქალაქე დანაშაულს ჩადის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, გამოძიება იწყება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, საქართველოს ასეთ დროს იურისდიქცია არ აქვს". – ასე ხსნის ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი იმ ფაქტს, რომ 2015 წელს, უკრაინულ ვიკილიქსზე გავრცელებულ ჩანაწერებზე, სუს-მა გამოძიება მხოლოდ შინაარსის მიხედვით დაიწყო, TV პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებზე კი პროკურატურა გამოძიებას საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენების და გავრცელების ფაქტებზე აწარმოებს. 

ტაბულას კითხვას, რით ხსნის ამ ორ ფაქტორს სუბარი,  ის ასევე პასუხობს, რომ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები მხოლოდ უკანონო მოსმენას უკავშირდება. 

"როდესაც ჩანაწერებში ლაპარაკი არის სახელწიფო გადატრიალების მცდელობაზე და ეს ჩანაწერები გაკეთებულია საქართველოს გარეთ, გამოძიება იწყება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დანაშაულს ჩადის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, გამოძიება იწყება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, იმ ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურების მიერ. უბრალოდ არ აქვს საქართველოს იურისდიქცია ასეთ დროს.

და ამ ჩანაწერებზე [სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის] ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, იქ არ ჩანს არანაირი დანაშაულის ნიშნები, დანაშაული არის, როცა ადამიანებს უსმენენ უკანონოდ". – ამბობს სუბარი. 


TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

პროკურატურამ ჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე  დაიწყო, მაშინ, როცა 2015 წელს გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელშიც, ე.წ უკრაინული ვიკილიქსის მტკიცებით, ისმის მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ხმა, რომლებიც თითქოს საუბრობენ საქართველოში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებაზე,   სუს-მა გამოძიება სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობის საქმეზე დაიწყო.

wikileaks center რეალურად არა უკრაინული, არამედ რუსული იყო, რადგანაც მას რუსული სერვერები ემსახურებოდა.

უცნობია, რატომ ჩათვალა კონტრდაზვერვის სამსახურმა საიტი სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების შესახებ გამოძიების დასაწყებად სანდო წყაროდ.  რაიმე შედეგი ამ გამოძიებას არ მოჰყოლია.

კომენტარები