ელექტრონული მუსიკა

კალაძე: ელექტრონული მუსიკის სფეროში დასაქმებულთა დასახმარებლად 2 მლნ ლარს გამოვყოფთ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ელექტრონულ მუსიკაში და საკლუბო კულტურაში დასაქმებულები დახმარების პაკეტით ისარგებლებენ.

კახა კალაძის თქმით, დახმარებისთვის გამოყოფილია 2 მილიონი ლარი და დაეხმარებიან ამ მიმართულებით დასაქმებული მინიმუმ 500 შემოქმედსა და 50-ზე მეტ ორგანიზაციას. 

"ეს არის სფერო, რომელმაც ჩვენს დედაქალაქს ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით სახელი გაუთქვა, მოიზიდა უამრავი ტურისტი და ჩვენი ქვეყნის, დედაქალაქის ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. აუცილებელია, რომ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შევუმსუბუქოთ, ელექტრონული მუსიკის სივრცეებს და სხვა ორგანიზაციებს შევუნარჩუნოთ სიცოცხლისუნარიანობა. ასევე, სახელმწიფოს თანადგომით, უნდა შევუნარჩუნოთ პოტენციალი და მოტივაცია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში კვლავ აქტიურად განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. 

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც 2 მილიონი ლარი იქნება. ამ დახმარების პაკეტით სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული მინიმუმ 500 შემოქმედი ადამიანი და 50-ზე მეტი ორგანიზაცია. ფინანსური დახმარების პაკეტით პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ მხარდაჭერა. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის მოხდება მხარდაჭერა განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი კომუნალური გადასახადების მხრივ. ასევე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში დაიწყება უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოები".- ამბობს კალაძე. 

კომენტარები