პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე: ოპოზიცია ერთიანია, ქართულ ოცნებას მოლაპარაკებების ჩაშლის საშუალებას არ მივცემთ

Khatia Dekanoidze / Facebook

"მიუხედავად მცირე განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც შეიძლება პარტიებს ჰქონდეთ, არაფერი ემუქრება ოპოზიციურ ერთობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი". – ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებებში ჩართული არ უნდა იყოს და მის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ. 

"ჩვენ არ მივცემთ ქართულ ოცნებას იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს, იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულებები გვაქვს აღებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან და საქართველოს მოქალაქეებთან. გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არის იგივე, ნიკა მელიას გათავისუფლება, რომელიც უნდა იყოს ჩვენი პარტიის სახელით მოლაპარაკებებზე". – ამბობს დეკანოიძე. 

ირაკლი ღარიბაშვილის მოლაპარაკებებიდან მოხსნის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლეზე ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.


პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, განსაკუთრებით გაამწვავა, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და, მეორე მხრივ, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ. ამ უკანასკნელის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება კრიზისის ირგვლივ გააქტიურდა და მხარეებს დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. 

მარტის დასაწყისში თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორგანიზება გაუწია შეხვედრას პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და ოპოზიციური ლიდერების მონაწილეობით. ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პირველი მცდელობა იყო. 

ქართულ ოცნებას 1 კვირა აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციის პირობებზე შემხვედრი წინადადებები წარადგინოს. ოპოზიციის მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ ვადამდელი არჩევნები "წითელი ხაზია". 

 

კომენტარები