პოლიტიკური კრიზისი

ქნირში ქართველების წერილზე: გახსოვდეთ, "ოცნების" ამომრჩევლების პოზიციაც პატივსაცემია

იმედი

"გახსოვდეთ, "ოცნების" ამომრჩევლების პოზიციაც პატივსაცემია". - გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში გერმანიაში მცხოვრები ქართველების წერილს პასუხობს.  

ქნირშის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

"მოხარული ვარ, რომ თქვენ, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მომმართეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანს სამსახურებსა და ცხოვრებაში საკუთარი წვლილი შეაქვს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში.

საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარება გერმანიის საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ საქართველო, როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზას ადგას.

ამიტომ პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში შეშფოთებით ვუყურებთ და მოვუწოდებთ პარტიებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების ფარგლებში ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მუდამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დარჩნენ. გასულ წელს ფასილიტატორის რანგში ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, სადაც პარტიები შეთანხმდნენ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საარჩევნო სისტემაში.

რა თქმა უნდა პატივს ვცემ თქვენს პოლიტიკურ ხედვას, მაგრამ იმავე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“.

იმ საშუალებებით, რომლებიც ჩვენ, როგორც პარტნიორებს, გაგვაჩნია, მთელი ძალისხმევით დავუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწას. მე ვხედავ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ამ მიზანს ყურადღებით ეკიდება და ღიაა ჩვენი მოსაზრებებისა და არგუმენტების გასაზიარებლად.

დიდ იმედებს ვამყარებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ. გასულ დღეებში მან უკვე თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში.

ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და მოქმედი ვერ გახდება. ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ და ამ დროს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის საერთო რამ, რაც ყველა დემოკრატს ერთმანეთთან აკავშირებს.

გულითადი მოკითხვებით სამშობლოდან". - სწერს ჰუბერტ ქნირში ქართველებს. 

გერმანიაში მცხოვრებმა ასამდე ქართველმა ჰუბერტ ქნირშს წერილი 3 მარტს გაუგზავნა. როგორც ისინი წერენ, რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია ირყევა და სამართლებრივი "სახელმწიფო შეუჩერებლად იხევს უკან ძალადობის სასარგებლოდ". წერილს რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

"იშვიათად შეუცვლია ჩვენი ქვეყანა ასე ძირეულად რამეს, როგორც ბოლო ცხრა წელიწადში გააკეთა ეს ოლიგარქიულმა მთავრობამ". - წერია წერილში. 

წერილის ავტორებმა ჰუბერტ ქნირშს მიმართეს და თხოვეს, "აშკარა სიგნალი გაუგზავნოს, ცხადი სიტყვები მოძებნოს და საქართველოს მთავრობას მოსთხოვოს, იკისროს შეთანხმების შესრულების ვალდებულება".

კომენტარები