აშშ-უკრაინა

აშშ-მ უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის, კორუფციის გამო სანქციები დაუწესა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინელ ოლიგარქს და ყოფილ საჯარო მოხელეს, იგორ კოლომოისკის, მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები კოლომოისკის ოჯახის წევრებზეც ვრცელდება.

"2014-2015 წლებში, როდესაც ის უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო, კოლომოისკი კორუფციულ საქმიანობაში მონაწილოებდა, რამაც ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობასა და უკრაინის საზოგადოების რწმენას მათი მთავრობის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი პროცესების მიმართ, მათ შორის, პოლიტიკური გავლენით და თავისი პირადი სარგებლისთვის ოფიციალური ძალაუფლების გამოყენებით". - ვკითხულობთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, განცხადებაში. 

ბლინკენმა აღნიშნა, რომ, მართალია, მას სანქციები თანამდებობის დროს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის დაუწესეს, თუმცა, ამასთან ერთად, სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოხატა კოლომოისკის ამჟამინდელ, მიმდინარე ძალისხმევაზე,ძირი გამოუთხაროს უკრაინის დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს, რაც, ბლინკენის განცხადებით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის მომავალს.

"აშშ კვლავ ყველა უკრაინელის გვერდით დგას, რომელთა ძალისხმევამაც რეფორმები წინ წაყვანა. დეპარტამენტი გააგრძელებს მსგავსი უფლებამოსილების გამოყენებას ამ რეგიონში  გლობალური მასშტაბით, რათა წაახალისოს კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემა". - წერს ენტონი ბლინკენი. 

კოლომოისკისთან ერთად სანქციები დაუწესეს მის ცოლს, ირინა კოლომოისკას, მის ქალიშვილს, ანჟელიკა კოლომოისკას და მის ვაჟს, ისრაელ კოლომოისკის. სანქციებით იგორ კოლომოისკის და მისი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.  

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი,წერს, რომ სანქციები ხაზს უსვამს აშშ-ს მხარდაჭერას პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი სექტორის რეფორმებში, რაც "უკრაინის ევროატლანტიკური გზისთვის უმნიშვნელოვანესია". 

"კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაცია გახარებულია - ეს გასაოცარი ამბავია უკრაინაში" - Axios წერს, რომ მედიას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა უთხრა. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, კოლომოისკისთან საეჭვო კავშირის ქონაში საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან ადანაშაულებდნენ. ოლიგარქი უკრაინის ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიას "1+1" ფლობს, რომელიც ზელენსკის კამპანიას მხარს უჭერდა.

კოლომოისკის ასევე თაღლითობის ბრალდებით სამართლებრივი დავა ჰქონდა პოროშენკოს მთავრობასთან. მისი PrivatBank - ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკი 2016 წელს სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადავიდა. ზელენსკი უარყოფდა მოსაზრებას, რომ ის კოლომოისკის PrivatBank-ის დაბრუნებაში ან კომპენსაციის მიღებაში დაეხმარებოდა.

გასულ წელს Kyiv Post წერდა, რომ ოლიგარქის ფეროშენადნობის საწარმო სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის Centrenergo ერთადერთი შემსყიდველი იყო და ელექტროენერგიას იაფად ყიდულობდა. ასევე ივლისიდან Centrenergo-მ ქვანახშირის შესყიდვა მხოლოდ კოლომოისკისთან დაკავშირებული საწარმოებიდან დაიწყო.

კომენტარები