გომელაური პარლამენტში

EMC: ბოლო წლებში კვლავ ჩანს შსს-ს პოლიტიზირების მზარდი ტენდენცია

ადამიანის უფლებების და სწავლების მონიტორინგის ცენტრი (EMC) განცხადებას ავრცელებს, სადაც ეხმიანება პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის საკითხს. განცხადებაში საუბარია ვახტანგ გომელაურის უწყებაში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში კვლავ ჩანს შსს-ს პოლიტიზების მზარდი ტენდენცია.

განცხადებაში წერია, რომ მკაფიოდ ჩანს სამინისტროს პოლიტიზების ნიშნები, რაც გამოიხატება ოპოზიციური პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეების გამოძიების პროცესში. ასევე, ნათქვამია, რომ

"თვალშისაცემია, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში საპოლიციო ძალაუფლება ხელისუფლების ხელში რჩება იმ ძირითადად ინსტრუმენტად, რომელსაც ის შექმნილი კონფლიქტებისა და უკმაყოფილებების მართვისა და შეკავების მიზნით იყენებს. ამ ვითარებაში, ცხადია, რომ ხელისუფლება პოლიციის სისტემას პოლიტიკური ინტრუმენტალიზების და საზოგადოებრივი ნდობის დასუსტების რისკების წინაშე იყენებს და სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა ჩვენი პოლიტიკური სისტემის ტრადიციული მახასიათებელი გახდა". – წერია განცხადებაში

ორგანიზაციის ცნობით, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო დახურულ უწყებად ჩამოყალიბდა, რომელიც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და საჭირო რეფორმების გასატარებლად. კერძოდ, სისტემის დეპოლიტიზების, ანგარიშვალდებულების გაზრდის, საგამოძიებო და საპოლიციო დანაყოფების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საგამოძიებო სისტემის რეფორმის მიმართულებით.

"პრობლემურია ისიც, რომ წინა წლებში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, უწყება კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიან პრევენციას, აგრეთვე ქალი და ბავშვი მსხვერპლების უფლებების სათანადოდ დაცვას, ოჯახში ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან პრევენციასა და ასეთი ტიპის დანაშაულების სწრაფ გამოძიებას ლუკა სირაძის საქმე, ქობულეთში 14 წლის მოზარდი გოგონას საქმე)". – წერია განცხადებაში

განცხადებაში ასევე აღნიშნულია ის პრობლემა, რაც არსებობს საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების ხშირ შეზღუდვასთან დაკავშირებით.

"კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კრიზისულ პოლიტიკურ ვითარებაში მაღალ დონეზე იყოს დაცული მშვიდობიანი პოლიტიკური გამოხატვის ფორმები და სამართალდამცავი უწყება უსაფუძვლოდ განუხრელად იცავდეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ მაღალ სტანდარტებს". – ვკითხულობთ განცხადებაში

EMC მიიჩნევს, რომ მინისტრმა გომელაურმა პარლამენტში მოსმენის დროს საზოგადოებას უნდა გააცნოს კონკრეტული გეგმა სისტემური პრობლემების აღმოფხვრის და უწყებაში გასატარებელი რეფორმების შესახებ.

"ამ პროცესში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ შსს არსებულმა მენეჯმენტმა გაზარდოს საკუთარი მუშაობის გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი და სამოქალაქო ორგანიზაციებთან სამუშაო და საკომუნიკაციო ფორმატები აღადგინოს". – წერია განცხადებაში

კომენტარები