პოლიტიკური კრიზისი

უდუმაშვილი: ხალხის მიერ სადავეების ხელში აღებაში აქციები იგულისხმებოდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გაჯიუტდება და ოპოზიციასთან დიალოგზე უარს იტყვის, მაშინ ხალხი აიღებს სადავეებს ხელში. 

"ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, მივიდეთ საბოლოო შეთანხმებამდე, რომ დაინიშნოს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები. თუ ხელისუფლება ისევ ჯიუტის პოზიციაში ჩადგება და უარს იტყვის მოლაპარაკებებზე, მაშინ უკვე ხალხი აიღებს სადავეებს ხელში და ხალხი დანიშნავს უკვე ახალ არჩევნებს ქვეყანაში". – თქვა ზაალ უდუმაშვილმა ფორმულასთვის მიცემულ კომენტარში. 

ტაბულა დაუკავშირდა ენმ-ს წევრს და სთხოვა, განემარტა, რას გულისხმობდა "ხალხის მიერ სადავეების ხელში აღებაში", რაზეც ზაალ უდუმაშვილმა გვიპასუხა, რომ ის "არანაირ რევოლუციურ სცენარზე" არ საუბრობს და ხალხის მიერ სადავეების ხელში აღებაში გულისხმობს იმას, რომ, თუ ხელისუფლება უარს იტყვის დიალოგზე, ხალხი გამოვა ქუჩაში და ჩაატარებს აქციებს. 

"გაგრძელდება საპროტესტო აქციები და საპროტესტო აქციების ზეწოლის შედეგად დაინიშნება ახალი არჩევნები. ამას ნიშნავს, რომ ხალხი იღებს ძალაუფლების სადავეებს ხელში. ხალხი აიძულებს ხელისუფლებას, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები". – უთხრა ზაალ უდუმაშვილმა ტაბულას

პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, განსაკუთრებით გაამწვავა, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და, მეორე მხრივ, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ. ამ უკანასკნელის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება კრიზისის ირგვლივ გააქტიურდა და მხარეებს დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. 

მარტის დასაწყისში თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორგანიზება გაუწია შეხვედრას პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და ოპოზიციური ლიდერების მონაწილეობით. ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პირველი მცდელობა იყო. 

ქართულ ოცნებას 2 კვირა აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციის პირობებზე შემხვედრი წინადადებები წარადგინოს. ოპოზიციის მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ ვადამდელი არჩევნები "წითელი ხაზია". 

კომენტარები