ქართული კინო

ბერლინის კინობაზრობაზე ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართება

Be Funky

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალთან არსებულ კინობაზრობაზე ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართება.

ფესტივალის აკრედიტებული კინოპროფესიონალები იხილავენ ფილმებს დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისს" და თათია სხირტლაძის "დიდება დედოფალს" .

"დასაწყისი" დეა კულუმბეგაშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერა 2020 წლის კანის საერთაშორისო ფესტივალზე უნდა გამართულიყო, თუმცა  პანდემიის გამო ფესტივალი გადაიდო. ფილმმა გასულ წელს სან-სებასტიანისა და ტორონტოს კინოფესტივალების ჯილდოები მოიპოვა. "დასაწყისი" საქართველოს სახელით ოსკარზე გაიგზავნა, მაგრამ შორტლისტში ვერ მოხვდა. 2021 წელს სურათის ჩვენება სანდენსზეც გაიმართა.

"დიდება დედოფალს" თათია სხირტლაძის დოკუმენტური ფილმია, რომელიც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეების - ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის ბიოგრაფიებს ეფუძნება.

 

წლევანდელ ბერლინალეზე "ოქროს დათვისთვის" იბრძვის ალექსანდრე კობერიძის ფილმიც "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" , რომელიც 1993 წლის შემდეგ ბერლინის ფესტივალზე მთავარ კონკურსში მოხვედრილი პირველი ქართული ფილმია.

ბერლინის კინოფესტივალის ერთ-ერთი პროგრამის, "ფორუმის" მონაწილეა კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი, სალომე ჯაშის "მოთვინიერება".

 

კომენტარები