თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 მარტს, სამხედრო მოსამსახურემ თვითმკვლელობის მიზნით საკუთარი იარაღიდან გაისროლა. სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა". – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.