Freedom House

Freedom House-ის მიხედვით მსოფლიოში დემოკრატია დაღმასვლისკენ მიდის

ფოტო ბელარუსის 2020 წლის საპროტესტო აქციებიდან
Financial Times

ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა ყოველწლიური ანგარიში გამოსცა, რომელშიც მთელი მსოფლიოს ქვეყნების დემოკრატიულობისა და თავისუფლების მაჩვენებელი არის განხილული.

Freedom House-ის შეფასებით, 2020 წელს დემოკრატიულობისა და თავისუფლების მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დაეცა. ორგანიზაციის აზრით, ამაში დიდი როლი ითამაშა კოვიდ-19-ის პანდემიამ და ეკონომიკურმა გაურკვევლობამ.

პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კოეფიციენტი გასული წლის მონაცემებთან შედარებით ყველაზე მეტად ბელარუსმა და ყირგიზეთმა გააუარესეს. თავისუფლების ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი კი ჩრდილოეთ მაკედონიამ აჩვენა. 

ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს, მსოფლიოში დემოკრატიის 15-წლიანი დაღმასვლის დაწყების შემდეგ, თავისუფალი ქვეყნების რაოდენობამ მინიმუმს მიაღწია, არათავისუფალმა ქვეყნებმა კი მაქსიმუმს. 

"დემოკრატიის მცველებმა ახალი დიდი დანაკარგი განიცადეს ავტორიტარულ მტრებთან დაპირისპირებაში, რამაც ბალანსი ტირანიის სასარგებლოდ დაარღვია". – წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმული იყო ფაქტი, რომ 2020 წელს ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსები საზოგადო ჯანდაცვის სახელით საკუთარ მოწინააღმდეგეებს ზღუდავდნენ.

ანგარიშში, 2020 წელს ჩატარებული პრობლემური არჩევნების ნაწილში, ნახსენები იყო საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც, როგორც "შედარებით თავისუფალი, მაგრამ ხარვეზებიანი". Freedom House-ის მიხედვით, საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაშია. დემოკრატიულობის გრაფაში საქართველომ 100-დან 37.5% აჩვენა, და 7 ქულიანი შკალიდან 3.25-ით შეფასდა. პოლიტიკური უფლებებიდან – 40-დან 24 ქულით, სახალხო თავისუფლებებიდან კი – 60-დან 37-ით. საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით გაუარესებულია და 63-დან 61-მდე დაიწია.

 

კომენტარები