თავდაცვის ხარჯები

რომელი ქვეყნები ხარჯავენ ყველაზე მეტს სამხედრო შეიარაღებაში

IISS

სამხედრო შეიარაღებაზე გაწეულმა გლობალურმა ხარჯებმა 2020 წელს $1.83 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 3.9%-იანი ზრდაა.

აბსოლუტური სიდიდით ზრდის გარდა, თავდაცვის ხარჯების წილი გლობალურ მშპ-შიც გაიზარდა – 1.85%-დან 2.08%-მდე. როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემია და ეკონომიკური კრიზისი ქვეყნებისთვის შეიარაღებაზე უარის თქმის მიზეზი არ აღმოჩნდა. თავდაცვის ხარჯების 3.9%-იანი წილიდან ლომის წილი ჩინეთსა და აშშ-ზე მოდის – 5.2% და 6.3%-იანი ზრდებით, შესაბამისად. 

2020 წლის წინასწარი მონაცემებით, გლობალური თავდაცვის ხარჯები რეგიონების მიხედვით ასეთია:

IISS

 

აზია

რეგიონების მიხედვით, შედარებით შენელებული ზრდა ფიქსირდება აზიაში. ჩინეთის მსგავსად, ტაილანდმა, ინდონეზიამ და სამხრეთ კორეამ 2020 წლის ბიუჯეტი, ძირითადად, სამედიცინო საჭიროებებს მოახმარეს. ამის მიუხედავად, რეგიონში 4.3%-იანი ზრდა ვიხილეთ. მეორე მხრივ, დრამატულად იზრდება აზიის წილი გლობალურ თავდაცვის ხარჯებში – 2010 წელს ეს წილი 17.8% იყო, 2020-ში კი 25%-მდე გაიზარდა. 

ახლო აღმოსავლეთი

ნავთობის ფასის კლების პარალელურად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ზედიზედ მესამე წელია შეიარაღების ხარჯები მცირდება – 2020 წელს რეგიონის წილი გლობალურ თავდაცვის ხარჯებში 10.5%-დან(2017) 8.9%-მდე შემცირდა. ცალკე უნდა აღვნიშნოთ რუსეთი. ქვეყანამ 2020 წელს სამხედრო ბიუჯეტის 3.8%-იანი რეალური ზრდა დააფიქსირა, თუმცა მოსალოდნელია, რომ 2023 წლამდე ეს მაჩვენებელი მშპ-ს 4.1%-დან 3.8%-მდე შემცირდება. 

ევროპა

2020 წელს ევროპის რეგიონში შეიარაღების ხარჯები 2%-ით გაიზარდა, რაც 2.1 პროცენტული პუნქტით უფრო ნაკლებია, ვიდრე 2019-ის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ NATO-ს წევრების თავდაცვის საშუალო ბიუჯეტი, მშპ-სთან გაანგარიშებით, ბოლო 6 წელია სტაბილურად იზრდება. მიუხედავად ამისა, ალიანსი ჯერ კიდევ შორსაა მიზნობრივ პროპორციასთან, რაც ყველა ქვეყნისთვის მშპ-ს 2%-ითაა განსაზღვრული. ამჟამად, საშუალოსტატისტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა შეიარაღებაზე მშპ-ს 1.64%-ს ხარჯავს. შეიარაღების ზრდას გეგმავენ ევროპის ძირითადი მოთამაშეებიც. კერძოდ, დიდი ბრიტანეთი 2021-2025 წლებში თავდაცვაზე დამატებით $21 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს. 

 

კომენტარები