ალექსეი ნავალნის საქმე

CNN: აშშ რუსეთისთვის ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების გამო სანქციების დაწესებას გეგმავს

ალექსეი ნავალნი
Reuters

აშშ ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა CNN-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ინფორმაცია მათ ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიაწოდეს.

CNN-ის წყაროს თანახმად, უახლოეს ერთ კვირაში აშშ სანქციებს ევროკავშირთან შეთანხმებით შემოიღებს. გამოცემა Reuters-ის თანახმად, სანქციები, შესაძლოა, დღეს 2 მარტს დაწესდეს.

ეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირველი შემთხვევა იქნება.


თებერვალში ალექსეი ნავალნის დაკავებისთვის ევროკავშირმა მაგნიტსკის აქტით 4 რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ევროკავშირი მაგნიტსკის აქტით, ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო, სანქციები დააწესა. სანქციების დაწესების გადაწყვეტილება  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრას ვიდეო ჩართვით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც ესწრებოდა.

ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით ევროკავშრიმა და ბრიტანეთმა რუსეთის მაღალი რანგის პირებს ოქტომბერში დაუწესა სანქციები. მაშინ სანქციები პოლიტიკოსის ნოვიჩოკოს ნერვული აგენტით მოწავმვლის გამო შემოიღეს.

პოლიტიკოსი, რომელიც გერმანიიდან მკურნალობის დასრულების შემდეგ რუსეთში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა, ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური მას "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია. 

კომენტარები