აშშ

აშშ-მ სირიაში ირანის დაფინანსებული დაჯგუფებების ობიექტები დაბომბა

Politico

აშშ-მ სირიაში, ირანის დაფინანსებული სამხედრო დაჯგუფებების მიერ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ამავე დაჯგუფებების კონტროლირებად ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანა. 

სირიაში საჰაერო იერიშის განხორციელება თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის რჩევა იყო, გადაწყვეტილება კი ჯო ბაიდენმა მიიღო. ეს აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის პირველი სამხედრო განკარგულება იყო. გადაწყვეტილებას დემოკრატთა პარტიაში რამდენიმე უარყოფითი შეფასებაც მოჰყვა, მაგრამ, ლოიდ ოსტინის თქმით, ისინი სრულიად იყვნენ დარწმუნებული, რომ სამიზნე ობიექტები ნამდვილად იმ შიიტურ სამხედრო დაჯგუფებებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ ერაყში აშშ-სა და კოალიციის ძალებზე განახორციელეს თავდასხმა. აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენელთა ცნობების მიხედვით, სამხედრო დაჯგუფებები იმ შენობებს, რომლებიც საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა, იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებდნენ.

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ეს იერიში მხოლოდ ერაყში მომხდარი თავდასხმის პასუხი კი არ ყოფილა, არამედ ეს იყო ქმედება რეგიონში მყოფი აშშ-სა და კოალიციის ძალების დასაცავად.

"იერიშმა გაანადგურა სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტთან მყოფი რამდენიმე ობიექტი, რომელთაც ირანის მხარდაჭერის ქვეშ მყოფი ზოგიერთი სამხედრო დაჯგუფება იყენებდა, ქათა'იბ ჰეზბოლასა და ქათა'იბ საიდ ალ-შუჰადას ჩათვლით. ოპერაცია ერთმნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენს. პრეზიდენტი ბაიდენი ამერიკის კოალიციის ძალების დასაცავად იმოქმედებს. ამავდროულად, ჩვენი ქმედება მიმართული იყო საერთო სიტუაციის დეესკალაციისკენ, როგორც აღმოსავლეთ სირიაში, ისე ერაყში." - თქვა კირბიმ.

 

კომენტარები