მერლინ მენსონი

სექსუალური ძალადობის ფაქტზე პოლიციამ მერლინ მენსონის მიმართ გამოძიება დაიწყო

Heart Radio

გამოცემა TMZ-ის ცნობით, ლოს-ანჯელესის პოლიციამ მერლინ მენსონის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. ცნობილ როკ მუსიკოსს ათობით ადამიანი ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში, ასევე იარაღის მუქარაში ადანაშაულებს. პირველი ბრალმდებელი მომღერლის ყოფილი მეგობარი ქალი, Westworld-ის მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი გახდა.

ვუდის შემდეგ მომღერალი სოციალურ ქსელში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. მოგვიანებით მენსონი სხვადასხვა ტიპის ძალადობაში თითქმის ოცმა ადამიანმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ პორნომსახიობი ჯენა ჯეიმსონი, GOT-ის მსახიობი ესმე ბიანკო, მომღერალი ელი როუსელი, გიტარისტი უეს ბორლანდი. სტილისტ ლავ ბეილის თქმით, 2011 წელს, მუსიკოსმა იარაღი შუბლზე მიადო და ჰომოფობიური მოტივით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებებიდან მალევე მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მოგვიანებით მასთან კონტრაქტი ჰოლივუდის სააგენტომ და ხმის ჩამწერმა სტუდიამ გაწყვიტა.

თავად მენსონი ვუდის ბრალდებას მეორე დღეს გამოეხმაურა და "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა. ამ დრომდე არცერთ დაზარალებულს სასამართლოში სარჩელი არ შეუტანია. 

კომენტარები