2014 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა 15 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო

ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა და ბიზნესმენმა მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან ამ დრომდე იმერეთში 15 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ტენდერები მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია, ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს

ორგანიზაციის ინფორმაციით, მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის მულის ქმარია. ტოგონიძის მფლობელობაში ორი კომპანიაა, შპს „მშენინვესტი“ და შპს „აგროსაჩხერე.“ ტოგონიძე ინდმეწარმეა 2006 წლიდან, თუმცა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა 2014 წლიდან დაიწყო. 

ამ დროიდან დღემდე ტოგონიძის კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს 100 ტენდერში, საიდანაც 72-ში გაიმარჯვეს. ჯამში, ჭიათურასა და საჩხერეში მოგებულ ტენდერებში ტოგონიძის კომპანიებმა 15.6 მილიონი ლარი მიიღეს. ტოგონიძის მოგებული 72 ტენდერიდან 28 უკონკურენტოდ ჩატარდა. 

ტოგონიძის კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ტენდერებში პანდემიის პერიოდშიც. პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე, ტოგონიძის კომპანიებმა ჯამურად 10 ტენდერი მოიგეს, რომელთა ღირებულებაც 3.4 მილიონ ლარს შეადგენს. 

 

კომენტარები