თამაზ გამყრელიძე

განათლების სამინისტრო აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემიას აწესებს

თამაზ გამყრელიძე
artinfo.ge

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, დაწესდება აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია. მისი სახელობის პრემია გაიცემა ენათმეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის. 

სამინისტროს ინფორმაციით, ინიციატივა ეკუთვნის მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს. 

კონკურსს ორგანიზებას გაუწევს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ენათმეცნიერების მიმართულებით მოღვაწე დოქტორის ხარისხის მქონე საქართველოსა თუ უცხოეთის მოქალაქეს. 

ამას გარდა, სამინისტროს ცნობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტი, ხოლო სტუდენტებისთვის მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება. როგორც სამინისტრო პრესრელიზში წერს, ეს ინიციატივაც მინისტრს ეკუთვნის. 

ენათმეცნიერი და აკადემიკოსი, თამაზ გამყრელიძე 10 თებერვალს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. თამაზ გამყრელიძე საერთაშორისოდ აღიარებული ენათმეცნიერი იყო, აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლეთის ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხების გამორჩეული მკვლევარი. თამაზ გამყრელიძე იყო ევროპის აკადემიის პირველი ქართველი წევრი. ის ასევე არჩეული იყო დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიების, ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ საპატიო წევრადაც. 

თამაზ გამყრელიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და ეკავა საპატიო პრეზიდენტის სტატუსი სიცოცხლის ბოლომდე. ის იყო თსუ-ს რექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრი. აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს მიღებული აქვს არაერთი ქართული თუ უცხოური ჯილდო. 

როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს, თამაზ გამყრელიძეს 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

კომენტარები