პარიზის კლიმატის შეთანხმება

პარიზის სასამართლოს მიხედვით, საფრანგეთი პარიზის კლიმატის შეთანხმების პირობებს არ ასრულებს

პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საფრანგეთი 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. სარჩელი ოთხმა გარემოს დაცვის ორგანიზაციამ შეიტანა. მათ სურდათ, ქვეყანას ეკოლოგიური ზიანის გამო ჯარიმა დაჰკისრებოდა, თუმცა სასამართლომ ჯარიმის ოდენობად სიმბოლური 1 ევრო განსაზღვრა.

სასამართლოს განცხადებით, საფრანგეთმა ვერ შეასრულა გამონაბოლქვის შემცირებასთან დაკავშირებული ნაკისრი ვალდებულებები.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის Oxfam საფრანგეთი, Greenpeace საფრანგეთი ამბობენ, რომ, მიუხედავად მაკრონის განცხადებებისა, საკუთრივ საფრანგეთში საკმარისი არ კეთდება მავნე გაზების ემისიების შესამცირებლად.

ორგანიზაციებმა საფრანგეთის მთავრობა არასაკმარის ქმედებაში დაადანაშაულეს და 2 მილიონამდე ადამიანის ხელმოწერა შეაგროვეს. სარჩელი სასამართლოში 2019 წელს შევიდა.

პარიზის სასამართლო 2 თვის ვადაში გადაწყვეტს, თუ რა ზომების გატარება უნდა დაეკიროს ქვეყანას.

2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმების მიხედვით, საფრანგეთმა 2030 წლამდე 1990 წელთან შედარებით გამონაბოლქვის რაოდენობა 40%-ით უნდა შეამციროს, 2050 წლამდე კი სრულად უნდა გააქროს. შეთანხმებას 196 ქვეყანა და ტერიტორია აწერს ხელს. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ შეთანხმებიდან გავიდა, თუმცა ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებისთანავე დაბრუნდა.

საფრანგეთის მთავრობა სასამართლოს გადაწვეტილებას გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაითვალისწინებენ განაჩენს და პარლამენტი ამ საკითხზე ახალი კანონის მიღებას განიხილავს.

კომენტარები