აშშ

ამერიკა დაბრუნდა, დიპლომატია დაბრუნდა – ჯო ბაიდენმა საგარეო პოლიტიკის გეგმა წარადგინა

ჯო ბაიდენი

"ამერიკა დაბრუნდა, დიპლომატია დაბრუნდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში" – ამ სიტყვებით დაიწყო აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გეგმის წარდგენა. 

პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა მოკავშირეობისა და დიპლომატიის მნიშვნელობას, ამერიკის დაბრუნებასა და საერთაშორისო ალიანსების აღდგენას, ისევე, როგორც ამერიკის მიერ საკუთარი ღირებულებების დაცვას მსოფლიოში. 

"ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ალიანსებს. ჩავერთვებით არა იმიტომ, რომ გავუმკლავდეთ გუშინდელ გამოწვევებს, არამედ დღევანდელსა და ხვალინდელს. ამერიკული ლიდერობა მზად უნდა დაუხვდეს ამ ახალ მომენტს ავტორიტარიზმისა, მათ შორისაა ჩინეთის მზარდი გავლენები და რუსეთის განზრახვა, ძირი გამოუთხაროს და დააზიანოს ამერიკული დემოკრატია. ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ გლობალური გამოწვევების ამ ახალ მომენტს, დაწყებული პანდემიით, გაგრძელებული კლიმატის კრიზისითა და ბირთვული იარაღის გავრცელებით. 

გამოწვევები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაილახება, თუ ერები ერთად ვიმუშავებთ და არა მარტო. ჩვენ დიპლომატიით უნდა დავიწყოთ, ამერიკის ყველაზე უფრო საამაყო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებით – თავისუფლების დაცვით, შესაძლებლობების დამცველობით, უნივერსალური უფლებების ერთგულებით, სამართლის უზენაესობის პატივისცემით, ყველა ადამიანისადმი ღირსეულად მოპყრობით. 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ამ ღირებულებამ დიდი წნეხის ქვეშ გაიარა ბოლო წლებში, უფრო მეტიც, უფსკრულსაც კი მიუახლოვდა ბოლო კვირებში, ამერიკელი ხალხი ამ სიტუაციიდან გამოვა უფრო ძლიერი, უფრო მიზანდასახული და უფრო უკეთ შეიარაღებული დემოკრატიის დასაცავად მსოფლიოში". – თქვა ჯო ბაიდენმა. 

კომენტარები