საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები

მთავრობამ აშშ-ში ლობისტურ კომპანიასთან 780 000 დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობისტურ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება განაახლა. საუბარია კომპანია Сhartwell Strategy-ზე, რომელთანაც საქართველოს მთავრობა რამდენიმე წელია, თანამშრომლობს. ლობისტურ მომსახურებაში საქართველოს მთავრობა 780 000 დოლარს გადაიხდის, რომელიც 12 თვეზე განაწილდება.

ამგვარად, მხოლოდ ამ კომპანიის მომსახურებაში მთავრობა ყოველთვიურად 65 000 დოლარს გადაიხდის. ხელშეკრულების განახლების შესახებ ინფორმაცია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის რეგისტრაციის სპეციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია საქართველოს მთავრობას აშშ-ს მთავრობასთან, კონგრესმენებთან და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული კომუნიკაციის აწყობაში უნდა დაეხმაროს. 

ჯერჯერობით უცნობია, იმ 2 ხელშეკრულების ბედი, რომელიც ლობისტურ კომპანიებთან გასულ წელს პარტია ქართულმა ოცნებამ დადო. კომპანია DCI Group-თან ხელშეკრულება 12 თებერვალს არის გაფორმებული და ოცნების მხრიდან ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. 

"ხელი შეუწყოს ქართული ოცნების დემოკრატიის პრაგმატულ პარტნიორად პოზიციონირებას. წარმოაჩინოს ქართული ოცნება მშვიდობის, სტაბილურობის და დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული იდეალების პირუთვნელ მიმდევარად, განსაკუთრებით საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებში. 

მედიისთვის ინფორმაციის მომზადებისა და გავრცელების საშუალებით, DCI Group ხელს შეუწყობს გაახმოვანოს ქართული ოცნების უდრეკ სწრაფვას დემოკრატიისა და განსაკუთრებით საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის შესახებ" .– წერია კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სექციაში. 

ლობისტური მომსახურებისთვის მმართველი პარტია ყოველთვიურად 33,333 დოლარს იხდიდა. ხელშეკრულების დასრულების ვადად 2020 წლის 31 ოქტომბერი განისაზღვრა, ამგვარად ოცნებამ მომსახურებაში 299,997 დოლარი გადაიხადა. 

თებერვალშივე ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა. მმართველმა პარტიამ კომპანია Hogan Lovells-თან 900 ათას დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. 

2019 წელს ოცნებამ ლობისტურ მომსახურებაში ჯამურად 2,7 მილიონი დოლარი გადაიხადა, წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება უკვე მილიონ დოლარს აღემატება. პოლიტიკური ცხოვრების საწყის ეტაპზე ლობისტების მომსახურებით ხშირად სარგებლობდა ბიძინა ივანიშვილიც. 2012 წელს ივანიშვილმა ლობისტების მომსახურებაში 6 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

კომენტარები