აშშ

ბაიდენმა ნავთობსექტორს სუბსიდიები შეუმცირა, მოპოვებაზე ახალი იჯარების გაცემა შეაჩერა

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლებიც ფედერალურ მიწებზე ნავთობის და გაზის მოპოვებაზე ახალ იჯარებს შეაჩერებს და წიაღისეული საწვავის სუბსიდიებს შეამცირებს. ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები კლიმატის კრიზისთან ბრძოლას ემსახურება:

"ჩემი აზრით, უკვე ძალიან დიდხანს ვიცადეთ კლიმატის კრიზისთან გამკლავებისათვის". - თქვა მან და ისაუბრა გაძლიერებულ შტორმებზე, ტყის ხანძრებზე და გვალვებზე.

"ეს ის შემთხვევაა, როდესაც სინდისის და მოხერხებულობის გზები იკვეთება, როდესაც პლანეტის წინაშე მდგარ ეგზისტენციალურ საფრთხესთან გამკლავება და ეკონომიკის ზრდა და განვითარება ერთი და იგივეა. როდესაც ვფიქრობ კლიმატის ცვლილებაზე და მისი გადაჭრის გზებზე, ვფიქრობ სამუშაო ადგილებზე". - თქვა ბაიდენმა. მას მიაჩნია, რომ ახალი, ენერგიის განახლებად წყაროებზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის შექმნა მილიონობით სამუშაო ადგილს შექმნის.

პარალელურად, კლიმატის საკითხებში ბაიდენის სპეციალურმა მრჩეველმა, ჯონ კერიმ განაცადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დედამიწის დღეს, 22 აპრილს კლიმატის საკითხზე საერთაშორის სამიტის ჩატარებას გეგმავს, სადაც განიხილავენ 2030 წლამდე გამონაბოლქვის შემცირების მიზნებს. კერიმ განაცხადა, რომ აშშ მზადაა, ამ საკითხზე ჩინეთთან ერთად იმუშაოს, რომელიც მსოფლიოში გამონაბოლქვის რაოდენობით პირველ ადგილზეა, თუმცა ამის გამო დათმობებზე არ წავა სხვა სფეროებში.

ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ უკვე დაბრუნდა პარიზის კლიმატის შეთანხმებაში, რომელიც დონალდ ტრამპმა დატოვა.

ფედერალურ მიწებსა და ტერიტორიულ წყლებზე ნავთობის და გაზის მოპოვებაზე ახალი იჯარების შეაჩერება მოხდება მანამ, სანამ აშშ-ს ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი არ შეაფასებს ამ პროგრამის გავლენას კლიმატზე და სარგებელს გადასახადების გადამხდელებისათვის. ბაიდენის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა და იმ შტატების წარმომადგენლებმა, რომელთა ძირითადი შემოსავალი წიაღისეული საწვავის მოპოვებაზეა დამოკიდებული. კომპანია Hess Corp-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ჰესმა განაცხადა, რომ ბაიდენმა უნდა გაითვალისწინოს გავლენა, რომელსაც ეს გადაწყვეტილება სამუშაო ადგილებზე მოახდენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ს ეკონომიკას უკვე სერიოზული ზარალი მიადგა კორონავირუსის პანდემიის გამო. უფრო მკაცრ ნაბიჯებს ითხოვენ დემოკრატიულ პარტიაში. სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ბაიდენს მოუწოდა, კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.

კომენტარები