NDI-ის კვლევა

NDI: პარლამენტის საქმიანობას 34% ცუდად აფასებს, 15% - კარგად

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% - საშუალოდ, 15% კი - კარგად.

პარლამენტის საქმიანობას ყველაზე ცუდად - 37%-ით, თბილისში აფასებენ, ხოლო ყველაზე კარგად სოფლებში - 18%.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას, როგორც ყველაზე ცუდად, ასევე ყველაზე კარგად 55 წელს გადაცილებული ადამიანები აფასებენ 36%-ით და 17%-ით.

ოპოზიციის მხარდამჭერების 73% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, ქართული ოცნების მხარდამჭერების 35% კი – კარგად.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები