რა ქველმოქმედება გაიღო ივანიშვილმა და რამდენი ფული დარჩა მას

REUTERS

12 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არსებული ქონების დიდ ნაწილს მის მიერვე დაარსებულ საქველმოქმედო ფონდ ქართუს გადასცემს. თემაზე ვრცლად ილაპარაკა თავად ივანიშვილმა გამოცემა ენტერპრენერთან ინტერვიუში. 

სტატიაში სათაურით, "რასაცა გასცემ შენია..." ბიძინა ივანიშვილმა წარსულში განხორციელებულ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტებზე ილაპარაკა. ივანიშვილმა მომავალში განსახორციელებელ ფილანთროპიაზე გაამახვილა ყურადღება - თუკი ყველაფერი მის მიერ გაცხადებული გეგმით წავა, საბოლოოდ ივანიშვილს ქველმოქმედებისთვის ბევრი ფული არ უნდა დარჩეს. 

აქტივების ჩამონათვალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ ქართუს გადასცა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • შპს თბილისი სითი;
  • შპს სოლოლაკი რაიზი [პროექტი სოლოლაკი];
  • შპს სოლოლაკი ჰილს;
  • შპს თაბორი ჰილს [გოლფის მოედანი თაბორის მთაზე];
  • შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი [საბაგიროები];
  • შპს ბიზნეს დეველოპმენტი [მწვანე კონცხი];
  • შპს ბიზნეს დეველოპმენტი [ციხისძირი];
  • შპს სისაიდი [ჩაქვი];
  • შპს ბლექ სი რეზორთსი [სასტუმრო პარაგრაფი, შეკვეთილი];
  • შპს ბლექ სი რივიერა [ანაკლია];
  • შპს ცისარტყელას 51% [აბასთუმანი];
  • შპს ბიზნესცენტრი [სოლოლაკის ბიზნესცენტრი];
  • ქართუ ჯგუფი; [შენობა 300 არაგველის ქუჩაზე];
  • ქართუ ჯგუფი [ბანკის სათავო ოფისი ჭავჭავაძის გამზირზე];
  • ქართუ ჯგუფი [შენობა კახეთის გზატკეცილზე];
  • ქართუ ჯგუფი [შენობა ცხვედაძის ქუჩაზე];
  • შპს ბურჯი [საწარმოო ფართები თბილისში];
  • შპს ელიტა ბურჯი [სამშენებლო კომპანია];
  • სს ლაგუნა ვერე;
  • შპს სი ვიუ რეზორთი [ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზე];
  • სს ბოლნისის ტუფი;
  • სს დიდველი [მიწის ნაკვეთები ბაკურიანში];
  • ბანკი ქართუ;
  • სადაზღვევო კომპანია ქართუ.

როგორც სიიდან ჩანს, ძირითადად იმ აქტივებზეა ლაპარაკი, რომლებიც ტურიზმის განვითარების ფონდის სტრუქტურაში და ბრენდ ქართუს ქვეშ ოპერირებდნენ. მესაკუთრე არ შეცვლილა ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ კომპანია "თანაინვესტირების ფონდში". აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში რჩება თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრი "გალერეა თბილისი," "აქსის თაუერსი" და მშენებარე ჰიდროელექტროსადგურები. 

თავის მხრივ, საქველმოქმედო ფონდი ქართუ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული 5 ოფშორული კომპანიის მფლობელობაში რჩება, მათი ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოყურება:

  • Krista Investments, წილი – 48.3%;
  • Sargans Limited, წილი – 45.3%;
  • Tarpan, წილი – 1%;
  • Agroservice, წილი – 4.2%;
  • Interinvest, წილი – 0.9%;

იმავე ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის მის განკარგულებაში დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებია. უნდა ითქვას, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ავტორიტეტული ბიზნესგამოცემების, Forbes-ისა და Bloomberg-ის მონაცემებს, რომლებიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგებს ადგენენ. ამგვარ სხვაობას ბიძინა ივანიშვილი იმით ხსნის, რომ გამოცემებს მოძველებული ინფორმაცია აქვთ.

"ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოძველებული, 10-15 წლის წინანდელი მონაცემებია. „ფორბსთან“, მაგალითად, ათ წელზე მეტია, არ მითანამშრომლია. თავიდან, ჩემი თანხმობით, ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, მაგრამ ბოლო წლებში არც კი ვიცი, როგორ და რას ითვლიან, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი. რაც შეეხება Bloomberg-ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია, თუმცა მონაცემებს ეს მედიაც აქვეყნებს", - ამბობს ივანიშვილი. 

ივანიშვილის თქმით, მისი კაპიტალის დიდი ნაწილი, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი, ფონდ ქართუს მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებზე დაიხარჯა. აქედან გამომდინარე, მისი დარჩენილი კაპიტალის მოცულობა, მისივე თქმით, 1.5 მილიარდი გამოდის და სწორედ ამას არ/ვერ იღებენ მხედველობაში ბიზნესგამოცემები.

ივანიშვილის განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოდის როგორც Forbes-ის, ასევე, Bloomberg-ის მონაცემები. Forbes-ის 2020 წლის რეიტინგის მონაცემებით, ივანიშვილი უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 349-ე ადგილზე იმყოფება და მისი აქტივების ღირებულება 4.8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილმა საქართველოში არსებული აქტივების დიდი ნაწილი ფონდ ქართუზე იანვარში, ანუ რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ გადააფორმა, ეს მონაცემი მართლაც მოძველებული გამოდის.

მაგრამ საქმე ის არის, რომ ცვლილებები არ ასახული Forbes-ის კიდევ ერთ რეიტინგში, რომელიც უმდიდრესი ადამიანების ქონებას რეალურ დროში ზომავს. ამ რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 587-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება კვლავაც 4.8 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. ამ რეიტინგის მეთოდოლოგია უმდიდრესი ადამიანების საჯარო თუ კერძო აქტივების ღირებულებაში ცვლილებების მყისიერ ასახვას გულისხმობს. აქტივების შეფასების მათემატიკური მოდელი, ასევე, ითვალისწინებს სპეციფიკური და ზუსტი რეგიონული და გლობალური ინდექსების გამოყენებას. 

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ Forbes-ის ორივე რეიტინგი მხედველობაში იღებს ქველმოქმედებისთვის გაღებულ თანხას და ამ შემთხვევაში სპეციალურად შედგენილი მათემატიკური მოდელით ხელმძღვანელობს. გამოცემა არ ითვალისწინებს იმ შეწირულობებს, რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს და მხოლოდ შემდგარ პროექტებზე ფოკუსირდება.

რაც შეეხება Bloomberg-ს, გამოცემის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის აქტივების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება Forbes-ის მიერ მოყვანილ რიცხვს და 5.75 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ბიძინა ივანიშვილი პლანეტის უმდიდრესი 500 ადამიანის რეიტინგში 462-ე ადგილზე იმყოფება. 

გამოცემის ინდექსის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ბოლო 1 წლის განმავლობაში არათუ არ შემცირებულა, არამედ, პირიქით, 75 მილიონი დოლარით გაიზარდა. დაახლოებით, 20 მილიონი დოლარით გაიზარდა ივანიშვილის აქტივების მოცულობა უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში. 

ამგვარი აცდენა შეფასებებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ Forbes-იც და Bloomberg-იც საკუთარი ინდექსებს საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოკითხვებზე, კომპანიების ფინანსური ანგარიშების, მათ ფინანსურ დირექტორებთან სპეციალური ინტერვიუებისა და სპეციფიკური მათემატიკური მოდელით აგებს. 

აქვე უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის პირველი მილიარდერი, რომელიც გამოცემების მონაცემებს არ ეთანხმება. მაგალითად, ცნობილია საუდიელი პრინცის, მოჰამედ იბნ ტალალისა და Forbes-ს სასამართლო დავის შესახებ. გამოცემამ პრინცის ქონება 20 მილიარდ დოლარად შეაფასა, პრინცი კი დავობდა, რომ გამოცემამ მისი აქტივების ღირებულების მოცულობა შეამცირა. პრინცმა ამის დამტკიცება სასამართლოში ვერ შეძლო და საქმე წააგო. 

როგორც ბიძინა ივანიშვილი იმავე ინტერვიუში ამბობს, მისი გეგმის მიხედვით, მთელი თავისი ქონების 90%-ზე მეტი ქველმოქმედებას მოხმარდება, ხოლო თავის განკარგულებაში მხოლოდ 200 მილიონ დოლარს დაიტოვებს. 

"ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდ-ნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი იყოს".- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები