კორონავირუსი და ტრანსპორტი

ტიკარაძე: შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, მწვანე ზონაში შეიძლება ტრანსპორტიც გავხსნათ

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად, ზონების მიხედვით მოიხსნება. მან იმედის ეთერში აღნიშნა, რომ რეგიონები დაყოფილია მწვანე, ყვითელ და წითელ ზონებად.

"აქედან გამომდინარე, ეს გახსნებიც იქნება  ეტაპობრივი საქართველოს მასშტაბით და იქნება სხვადასხვა გრადაციის.

იმ რეგიონებში, რომელზეც მივუთითებთ, რომ არის მწვანე ზონა, გვექნება მეტი საშუალება, როგორც ეკონომიკური საქმიანობა, ისე განათლების კომპონენტი და შესაძლებელია, ტრანსპორტიც გავხსნათ, თუმცა, რეგულაციების უმკაცრესი დაცვით.

ყვითელ რეგიონებზე გვექნება სხვა მიდგომა და წითელ რეგიონებზე, რა თქმა უნდა, სხვა". – ამბობს ტიკარაძე.

რომელ რეგიონებს გამოაცხადებენ წითელ ზონებად, ჯერჯერობით, უცნობია. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან თბილისში 212 დადასტურდა, იმერეთში - 61, შიდა ქართლში - 34, აჭარაში - 33, ქვემო ქართლში - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 32, კახეთში - 25, მცხეთა-მთიანეთში - 20, გურიაში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1. 

კომენტარები