აშშ

კაპიტოლიუმის შენობა საფრთხის გამო დახურეს

კაპიტოლიუმის შენობა საფრთხის გამო დახურეს. ამის გამო ბაიდენის ინაუგურაციის რეპეტიცია შეჩერდა.

თვითმხილველების თქმით, კაპიტოლიუმის შენობასთან კვამლი ჩანდა. ვაშინგტონის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი, რომელიც შენობის მახლობლად გაჩნდა, ჩააქრეს.

კონგრესის თანამშრომლებმა მიიღეს გზავნილი, რომლის მიხედვითაც შენობაში შესვლა ან გასვლა დროებით იკრძალებოდა.

გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. დედაქალაქში მობილიზებულია ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი.

უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია აშშ-ს ყველა შტატში. ზოგიერთ შტატში, მათ შორის ტეხასში, ორეგონში, მიჩიგანსა და ოჰაიოში ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებთან მცირე ზომის საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტების ნაწილი შეიარაღებული იყო.

ბაიდენის ინაუგურაციის რეპეტიცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო ერთხელ უკვე გადაიდო. ის 17 იანვარს იყო დაგეგმილი.

ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს უნდა გაიმართოს. ცნობილია, რომ აშშ-ს ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს. ინაუგურაციის შემდეგ CBS-ის, ABC-ს, CNN-ის, NBC-ს და MSNBC-ს ეთერებში გავა სპეციალური გადაცემა, რომელსაც მსახიობი ტომ ჰენქსი წაიყვანს. პანდემიის გამო გაუქმდა ტრადიციული აღლუმი და მეჯლისი.

მიმდინარე კვირას აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ინაუგურაციის წინ ვაშინგტონისა და ქვეყნის მასშტაბით შესაძლო შეიარაღებულ პროტესტების შესახებ გაფრთხილება გასცა

აშშ-ს დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეროვნულმა გვარდიამ ვაშინგტონში 15 000-მდე სამართალდამცველის მობილიზების უფლება მიიღო. გარდა ამისა,  24 იანვრამდე ტურისტებისთვის დაიხურა ვაშინგტონის მონუმენტი.

კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ ბაიდენს კითხვა დაუსვეს ინაუგურაციის ცერემონიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც, რაზეც მან უპასუხა:

"სრულიად სხვა სამსახური იქნება ამაზე პასუხისმგებელი, საიდუმლო სამსახური. მათ სრულად ვენდობი და ბოლომდე მწამს მათი შესაძლებლობის, რომ უზრუნველყოფენ ინაუგურაციის ცერემონიის უსაფრთხოდ ჩატარებას".

ბაიდენმა ინაუგურაციამდე შიდა უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობის შესრულება ობამას ადმინისტრაციის დროს ანტიტერორიზმის მიმართულებით პრეზიდენტის მრჩეველს, ლიზა მონაკოს სთხოვა.

კომენტარები