მძევლები კასპში

დააკავეს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც კასპში ორი ადამიანი მძევლად აიყვანა

droa.ge

პოლიციამ კასპში დააკავა შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ერთ-ერთ საწარმოში ორი ადამიანი მძევლად აიყვანა. 1993 წელს დაბადებულ გ.მ-ს ბრალად სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტები ედება. ეს გულისხმობს სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია და მან "პოლიციის რიგები" 2018 წელს დატოვა.

"იგი იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. იყო საკმაოდ აღელვებული... მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცველებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო სწორედ ეს. რამდენიმე დღის წინ მოგვმართა განცხადებით, ჰქონდა პრეტენზიები კონკრეტულ მოქალაქეებთან . ამ ფაქტზე შსს-ში გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს, ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება" - თქვა ბორცვაძემ.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლები გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.

კომენტარები