Covid-19-ის პანდემია

გაბუნია: ბავშვებში გამოვლენილია კოვიდთან დაკავშირებული ანთებითი სინდრომის 60-მდე შემთხვევა

თამარ გაბუნია

მულტიორგანული ანთებითი სინდრომი ბავშვებში (MIS-C) კორონავირუსთან ასოცირებული სინდრომია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 15 იანვრის მონაცემებით საქართველოში 60-მდე ბავშვს აღმოაჩნდა. 

"დაახლოებით 55-60-მდე შემთხვევა არის გამოვლენილი ჩვენთან. დიდი ნაწილი იყო მსუბუქი მიმდინარეობის, ყველა დამთავრდა კარგად. მზაობას რაც შეეხება, შემთხვევების უმრავლესობა გატარებული იყო იაშვილის კლინიკაში და ნიუ ჰოსპიტალში. რამდენიმე ბავშვი იყო სხვა კლინიკაშიც. შემთხვევათა დიდ ნაწილისთვის საკმარისია სტანდარტული მკურნალობა სტეროიდებით, საჭიროა რიგ შემთხვევებში იმუნოგლობულინი, რომელიც აქვთ იმ კლინიკებს, ვინც ამ მედიკამენტს იყენებდა სხვა მიზნებისთვის მანამდე. მე მქონდა საუბარი იაშვილის კლინიკასთან და  მათთან ამ კონკრეტულ მომენტში მედიკამენტთან დაკავშირებით დეფიციტი არ არის. რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო კოვიდთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯებს ანაზღაურებს.  ამ მედიკამენტის მოძებნას არ უნდა შეეცადოთ აფთიაქში ან შავ ბაზარზე, ხარჯების ანაზღაურება არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა."- ამბობს გაბუნია. 

Covid-19-ით ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მაგრამ ბავშვებში, რომლებშიც ანთებითი სინდრომი ვითარდება შეიძლება განვითარდეს ფილტვების, გულის, სისხლძარღვების, თირკმლების, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ტვინის ან კანის ანთება. ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია, თუ სხეულის რა ნაწილია ანთებული. 

ამ სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, ის უნდა წარმოადგენდეს ჭარბ იმუნურ პასუხს Covid-19-ზე. კვლევებში MIS-C-ის მქონე ბავშვების უმრავლესობას კორონავირუსის მიმდინარე ინფექცია, ან ანტისხეულების დადებითი ტესტი აღმოაჩნდა.

მულტიორგანული ანთებითი სინდრომი უკიდურესად იშვიათია და პაციენტების უმრავლესობა საბოლოოდ გამოჯანმრთელდება, მაგრამ ზოგიერთი ბავშვის მდგომარეობა უეცრად მძიმდება, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. 

 

კომენტარები