აშშ

ტრამპი: იმპიჩმენტის პროცედურა ჩვენს ქვეყანას უზარმაზარ საფრთხეს უქმნის

დონალდ ტრამპი
USnews.com

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში მისი მომხრეების შეჭრის დღეს მის მიერ წარმოთქმული სიტყვა სრულიად მისაღები იყო და დემოკრატების მცდელობას, მისი იმპიჩმენტი მოაწყონ ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, "სასაცილო" უწოდა.

"ვფიქრობ, [იმპიჩმენტის პროცედურა] უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას და იწვევს უზარმაზარ ბრაზს. მე არ მსურს ძალადობა". – თქვა მან თეთრი სახლის დატოვებისას. ტრამპი ტეხასის შტატში მიემგზავრება, სადაც მოინახულებს მექსიკის საზღვარზე აშენებული კედლის ერთ-ერთ ნაწილს.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებს, აამოქმედოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი და თავად შეასრულოს პრეზიდენტის უფლებამოვალეობები 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე. მოსალოდნელია, რომ მაიკ პენსი ამაზე უარს განაცხადებს, რის შემდეგაც კონგრესში იგეგმება დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი იმპიჩმენტის რეზოლუციის კენჭისყრა. მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

კომენტარები