აშშ

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

ჩად ვულფი
Reuters

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, ჩად ვულფი თანამდებობიდან გადადგა.

შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე ვულფს პიტ გეინორი ჩაანაცვლებს. გეინორი საგანგებო მდგომარეობის ფედერალური სააგენტოს ადმინისტრატორია.

დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში ჩად ვულფმა აღნიშნა, რომ მისი ნაბიჯი დაკავშირებულია ვულფის ამ თანამდებობისთვის შესაფერისობაზე სასამართლო გადაწყვეტილებებთან.

"ვწუხვარ, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგა. ვაპირებდი დეპარტამენტში მუშაობა ამ ადმინისტრაციის ვადის ბოლომდე გამეგრძელებინა". – წერს ვულფი. 

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ბენი ტომპსონმა, აღნიშნა, რომ ვულფის მოტივები "კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", ვინაიდან ფედერალურმა მოსამართლემ ორი თვის წინ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჩად ვულფი უკანონოდ იყო დანიშნული თანამდებობაზე.

შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის ფონზე ვაშინგტონში მკაცრდება უსაფრთხოების ზომები, რაც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან არის დაკავშირებული.

ინაუგურაციაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა პირველ რიგში საიდუმლო სამსახურს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფ სააგენტოს, ეკისრება.  

ორშაბათს ჩად ვულფმა თქვა, რომ ინაუგურაციისთვის მომზადებას საიდუმლო სამსახური დაგეგმილზე ადრე, 19 იანვრის ნაცვლად 14 იანვარს დაიწყებს.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 11 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურომ არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაციამდე დედაქალაქსა და ქვეყნის მასშტაბით შესაძლო შეიარაღებული პროტესტების შესახებ გაფრთხილება გასცა. გაფრთხილება ძალაში, სულ მცირე, ინაუგურაციის დღემდე, 20 იანვრამდე იქნება.

ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დაკავშირებულია 6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრასთან. ტრამპის მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. არეულობის შედეგად პოლიციასთან დაპირისპირებაში 5 ადამიანი გარდაიცვალა, 4 დემონსტრანტი და ერთი პოლიციელი.

კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინსანი თანამდებობიდან გადადგა, მათ შორის განათლების მდივანი ბეტსი დევოსი და ტრანსპორტის მდივანი ელეინ ჩაო.

კომენტარები