ხანძარი საქართველოს რეგიონებში

საგანგებო: რაჭაში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთში ხანძრის ღია კერა აღარ არის. 

უწყების ცნობით, ამბროლაურში, სოფელ აბარში და ონში, სოფელ ონწევი - ჭოლას მიმართულებაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. 

"ხანძრის 4 კერაა დარჩენილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, მათგან სამი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ერთზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლოკალიზებულია წალენჯიხაში, სოფელ სქურში არსებულ ორ კერაზე და სოფელ ფახულანში. ხოლო სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

ასევე ლოკალიზებულია ხანძარი, შიდა ქართლშიც. კასპში, რკონის ხეობაში წყლის მაგისტრალები მიყვანილია ხანძრის კერებამდე და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები". - წერია უწყების განცხადებაში. 

მათივე ცნობით, 4 იანვრის შემდეგ საქართველოს მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძრის 265 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 255 ლიკვიდირებულია, 4 კი ლოკალიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

"დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება, როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე". - ამბობენ უწყებაში.

კომენტარები