აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა

ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. ინფორმაცია ტაბულას თავდაპირველად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დაუდასტურეს. შემდგომ კი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშვნის თაობაზე ცნობა ტაბულას თავად ეკა ხოფერიამაც დაუდასტურა.

როგორც ეკა ხოფერია ტაბულასთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, მინისტრის თანამდებობა მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ შესთავაზა.

"გიდასტურებთ, დღეს დამნიშნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრად. დღეს იქნება წარდგენა და შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან შევუდგები საქმიანობას. ეს შემოთავაზება მივიღე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან, რუსლან აბაშიძისგან. ჩვენ გამომცემლობას [ჟურნალ "სითის"] ჰქონდა პროექტი "მე აფხაზეთისთვის" და ვფიქრონ, რომ იქიდან გაჩნდა ეს იდეა, რადგან ამ პროექტის შემდეგ დამიკავშირდა ბატონი რუსლანი და შემომთავაზა. დავთანხმდი, რადგან ჩემთვის ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი და ახალი საქმეა". – ამბობს ხოფერია ტაბულასთან საუბარში.

კითხვაზე, თუ რამდენად კვალიფიციურია ამ თანამდებობისთვის და აქვს თუ არა გეგმა, თუ რას გააკეთებს პირველს, ანდა რა საკითხებს დაუთმობს დროს მინისტრობიდან პირველი 100 დღის განმავლობაში, ეკა ხოფერია გვპასუხობს:

"მე ჩემს კვალიფიკაციაზე ვერ ვისაუბრებ, მე დავამთავრე თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი და შემდგომ სადაც ვმუშაობდი, ჩემი საქმიანობის შესახებ ინფრომირებულები ხართ. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, ეს იმდენად მრავალმხრივია, მოიცავს განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების, აფხაზეთში ისტორიული მემკვიდრეობის მიმართულებებს... დღეს პირველი დღეა და ვერ გეტყვით მომავალი 100 დღის განმავლობაში რა გეგმით წარვსდგები, ალბათ, ცოტა დრო დამჭირდება, რომ ეს ყველაფერი საფუძვლიანად ჩამოვაყალიბო". – ამბობს ეკა ხოფერია.

 

კომენტარები