კლინიკა: COVID-ინფიცირებული მეუფე იაკობის მდგომარეობა სტაბილურია

COVID-ინფიცირებული ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაცია ტაბულას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

"მეუფე იაკობის მდგომარეობა სტაბილურადაა და აგრძელებს მკურნალობას". – თქვა ტურძელაძემ ტაბულასთან საუბარში.

მისივე თქმით, მეუფე იაკობს კორონავირუსი 26 დეკემბერს დაუდასტურდა.

ბოდბელი ეპისკოპოსის აზრით, "ეს ვირუსი ვერაგია, მაგრამ კაცობრიობისთვის, ალბათ, აუცილებელი იყო, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები, ეს თუ დაგვაფიქრებს".

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2 766 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 ტესტი. 

28 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 206 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა.

კომენტარები