მთავრობის ახალი შემადგენლობა

ბოკერია: ერთპიროვნული მმართველობის პირობებში არ აქვს მნიშვნელობა მთავრობის შემადგენლობას

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცესს ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში არ აქვს მნიშვნელობა მთავრობის შემადგენლობას, რადგან მის მიერ შემოკრებილ "პოლიტიკური არარაობების" გუნდს არ აქვს უნარი, რომ გაუმკლავდეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

"ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს შემადგენლობა რა იქნება, არცერთ შემთხვევაში იმ პოლიტიკური არარაობების და კლოუნების ნებისმიერ კომბინაციას, რომელსაც ივანიშვილი შემოიკრებს, არ აქვს უნარი, ხედვა, რწმენა და კომპეტენცია, რომ ნორმალურ ვითარებაშიც კი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს". – ამბობს ბოკერია.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ კრიზისულ ვითარებაში საზოგადოებამ იხილა კატასტროფა, როცა მთავრობამ განვლილი თვეები გამოიყენა არა მომზადებისათვის, არამედ თვითტკბობისათვის, ოპონენტების დემონიზაციისათვის და ის მძიმე ვითარება, რაც დღეს ქვეყანაშია, არის ივანიშვილის და მისი შემოკრებილი "პოლიტიკური კლოუნების" პასუხისმგებლობა.

"კრიზისულ ვითარებაში, ჩვენ ვიხილეთ კატასტროფა და უტიფრობა, როცა საუკეთესო თვეები და ხალხის რესურსი იქნა გამოყენებული არა მომზადებისათვის პანდემიასთან ბრძოლის მეორე ეტაპისთვის, როცა გაიხსნებოდა ეკონომიკა, არა ეკონომიკური კრიზისის დროს ტვირთვის შესამცირებლად ხალხისთვის და მეწარმეებისათვის, არამედ თვითქებისათვის, თვითთტკბობისათვის და ოპონენტების დემონიზაციისათვის.

კატასტროფული ვითარებაა და ის ტრაგედიები, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ, ობიექტურ
გარემოებებთან ერთად, არის ივანიშვილის პერსონალურად და მისი შემოკრებილი
პოლიტიკური კლოუნების პასუხისმგებლობა. როდესაც ერთ-ერთი მთავარი კლოუნი იძახის, რომ არ ცვლის გუნდს, ეს არის დემონსტრირება იმის, რომ როდესაც მთავრობას არ აქვს მანდატი ხალხისგან მოპოვებული, როგორ მართავს ქვეყანას". – განაცხადა ბოკერიამ.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინა. კაბინეტში შეცვლილი მხოლოდ იუსტიციის მინისტრია, დანარჩენი კი ყველაფერი უცვლელად არის დატოვებული.

კომენტარები