თავდაცვის სამინისტრო

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა. ოჯახი 35 თეიმურაზ გიუნაშვილს ეძებს. ისინი ამბობენ, რომ ჯარისკაცი სამხედრო ბაზიდან 20 დეკემბერს გაუჩინარდა. 

"არსად არ არის აბსოლუტურად, კვალწმინდად ჩაიყლაპა, გამოვიდაო დილითო და ტელეფონი დატოვა ბალიშის ქვეშ, მე არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, ტელეფონს ჯიბიდან არ იშორებდა, არსად არ არის, არც ნათესავებში, არც მეგობრებთან, რა მოხდა ვერ ვიგებ". –ამბობს ოჯახის წევრი ტელეკომპანია მთავარ არხთან. 

თავდაცვის სამინისტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჯარისკაცმა 21 დეკემბრის დილის ცხრა საათზე დატოვა ბაზის ტერიტორია. სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით.

22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით." – აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები