საპატრიარქო

დეკანოზი თეოდორე: ბოდიში იმიტომ გვაქვს მოსახდელი, რომ არ ვიცით, რამდენი ადამიანი დაზარალდა

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ვიდეო მიმართვით პასუხობს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც თქვა, რომ დეკანოზ გიგნაძის განცხადებას, სადაც ის კონკრეტული სასულიერო პირების მხრიდან მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის საჭიროებაზე საუბრობდა, "კონკრეტიკას იყო მოკლებული" და რომ მან უნდა დაასახელოს, ვის და რას გულისხმობს. 

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების ნაწილის მხრიდან ახალ კორონავირუსთან მიმართებით "არაჯანსაღი დამოკიდებულება" იყო. დეკანოზის განმარტებით, ასეთი დამოკიდებულება მისთვის თავიდან გასაგები იყო, რადგან მსოფლიოს მასშტაბით არაფერი იცოდნენ ვირუსზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც სულ უფრო მეტი რამ გახდა ვირუსის შესახებ ცნობილი, მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. 

"მერე უკვე პრობლემა გახდა არა ის, რომ ვიღაცამ არ იცის და შეეშალა, არამედ როდესაც საღ აზრს, სამღვდელო პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, ქრისტიანულ რწმენას, ქრისტეს მაძიებლობას ჩაენაცვლა კონსპირაციული თეორიები - რომ ჩვენ მტრები გვყავს და ჩვენ შეგვიქმნეს ისეთი გარემო, რომ ჩვენ რწმენაზე უარი ვთქვათ. აი, აქ გაჩნდა პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ კონსპირაციული თეორიების გამოკვლევა, არ გავითვალისწინეთ წარსული გამოცდილება ". – თქვა დეკანოზმა თეოდორემ. 

სასულიერო პირის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის პირველმა ტალღამ შედარებით მშვიდად გადაიარა, საქართველოში დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ "ჩვენ ყველაზე კარგები ვართ და არაფერი უნდა ვისწავლოთ უცხოეთის ადგილობრივი ეკლესიებიდან". 

"გრძელდებოდა საუბარი "ცრუპანდემიაზე", ვეურჩებოდით სახელმწიფო რეგულაციებს. სხვათა შორის, სახელმწიფო რეგულაციებისადმი ურჩობა იყო ურჩობა საეკლესიო მმართველობის წინააღმდეგაც, იმიტომ, რომ ისინი თანამშრომლობდნენ. 

ჩვენ ვიცით მაგალითები, როდესაც ცალკეული სასულიერო პირები გამოდიოდნენ და საწინააღმდეგოს ამბობდნენ, მღვდელს საწინააღმდეგოს ეუბნებოდნენ, ეს იწვევდა რეგულაციების დარღვევას და, შესაბამისად, ხიფათში თავის შეყოფას. გასაგებია, რომ ღვთის გარეშე არც არაფერი არ მოხდება, მაგრამ განსაცდელში თავი არ უნდა შეყო. არ უნდა გამოსცადო უფალი შენი. 

ბოდიში იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანი შეიძლებოდა, დაზარალებულიყო. მაგალითად, მე ვეუბნები მრევლს, რომ არაფერი დისტანცია, არაფერი ნიღაბი არ გაიკეთო. ჩვეულებრივად ვიყოთ. მე შემიძლია თვალი მივადევნო ამას რა ნაყოფი მოჰყვება? მაგალითად, ამან ვიღაცას გადასდო, მერე იმან ბებიას გადასდო, მერე ვიღაც გარდაიცვალა, დამძიმდა, დაინვალიდდა. შემიძლია ამას მივადევნო თვალი? არ შემიძლია. ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოვიხადო". – ამბობს დეკანოზი თეოდორე. 

როგორც დეკანოზი თავის ვიდეო მიმართვაში განმარტავს, ასეთ მღვდლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ახალი კორონავირუსი არ არსებობს, არ ემიჯნება, თუმცა, ემიჯნება მათ ამ ქცევას და ფიქრობს, რომ მათ ბოდიში აქვთ პიროვნულად მოსახდელი, ისევე, როგორც ბოდიში უნდა მოიხადოს თვითონაც. 

"ჩვენი ბოდიში არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიას აქვს ბოდიში მოსახდელი. ეკლესიას არ აქვს ბოდიში მოსახდელი. ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია. ეკლესია უნისონში იყო ხელისუფლებასთან და ზოგიერთი ჩვენგანისგან განსხვავებით, არ ეჩვენებოდა, რომ ხელისუფლება კონსპირაციაში იყო". – თქვა დეკანოზმა თეოდორემ. 

კომენტარები