დავით-გარეჯა

ღარიბაშვილი: ენმ-მ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა გამოიწვია, მათ შორის დავითგარეჯის

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავითგარეჯის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ  ნაციონალურმა მოძრაობამ მმართველობის პერიოდში მიიღო გადაწყვეტილებები, რამაც საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა გამოიწვია. 

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელი იყო ის გადაწყვეტილებები, რომელიც წინა მთავრობამ სააკაშვილის დროს მიიღო და სწორედ ეს აქვს გასარკვევი და დასადგენი პროკურატურას. მიიღეს ძალიან საშიში გადაწყვეტილებები, რაც განაპირობებდა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას და უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას, მათ შორის, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის. რომელიც ხსენებული რუკის მიხედვით, სრულად არის ჩვენს ტერიტორიაზე". – ამბობს ღარიბაშვილი. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებები 1996 წელს შეთანხმდნენ, რომ დავითგარეჯთან მიმართებაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ძირითადი დოკუმენტი იყო 1938 წლის შეთანხმება და რუკა, რითაც უნდა ეხელმძღვანელათ, წლების განმავლობაში ასე არ ხდებოდა და პირიქით, მიღებული იქნა საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებები. 

"ჯერ კიდევ ჩემი პრემიერობის დროს დავიწყე ამ საკითხის შესწავლა, ეს ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო და არის ახლა, როგორც მთავრობის წევრის და გავარკვიეთ, რომ ყველა ის რუკა და თანმდევი დოკუმენტაცია საქართველოს არქივებიდან იყო გამქრალი. მეორე დამაეჭვებელი გარემოება რაც გამოიკვეთა, წინა მთავრობას და კომისიას, ჩემი ინფორმაციით, არასოდეს არ მიუმართავს და მცდელობა არ ჩაუდენია, რომ ეს რუკა ყოფილიყო მოძიებული და ამის მიხედვით ყოფილიყო შეთანხმებული. უფრო მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, წინა მთავრობა, კომისია ხელმძღვანელობდა სხვა რუკებით, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა. შედეგად, ხდებოდა არამართლზომიერი , ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმების გაფორმება. ოპონენტებისგან მოვისმინეთ, რომ არაფერი ყოფილა შეთანხმებული, რაც არის ტყუილი. 2006-07 წლებში, კონკრეტულად ეს მონაკვეთი იქნა შეთანხმებული და ნაცვლად იმისა, საზღვარი გაეტარებინათ დავითგარეჯის კომპლექსის ქედის ძირში, როგორც არის ამ რუკით, გამოატარეს პირდაპირ თხემის თავზე. ეს არის მთავრი დარღვევა, ჩემი აზრით დანაშაული". - ამბობს ღარიბაშვილი. 

პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი და სპეციალურ სამთავრობო კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი - ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურა მელაშვილის და ილიჩოვასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

კომენტარები