რუსეთი

პუტინი საგარეო დაზვერვის სამსახურს ესტუმრა და "სანდო და მამაცი" ჯაშუშების მუშაობა შეაქო

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საგარეო დაზვერვის სამსახურის სათაო ოფისს ესტუმრა. პრეზიდენტის ვიზიტი სამსახურის დაარსების 100 წლისთავთან არის დაკავშირებული. საგარეო დაზვერვის სამსახური KGB-ს პირველი მთავარი სამმართველოს მემკვიდრეა. სამსახურს 20 დეკემბერს 100 წელი შეუსრულდა. 20 დეკემბერს რუსეთში უშიშროების სხვადასხვა სამსახურის წევრების დღე აღინიშნება.

საგარეო დაზვერვის სამსახურის სათაო ოფისთან საუბრისას მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინ იცავს რუსეთს "საგარეო და საშინაო საფრთხეებისგან" და მათ "სანდო და მამაცი" ადამიანები უწოდა. 

"უშიშროების სამსახურების ეფექტიანი მუშაობა, რომლებიც კანონით და ეროვნული ინტერესებით იმართება, ყოველთვის იყო და იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რუსეთისთვის... ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია ჩვენი მრავალეროვანი საზოგადოების სუვერენული, დემოკრატიული და დამოუკიდებელი განვითარების". – თქვა პუტინმა.

"ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ და ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ რთულ, პროფესიონალურ ოპერაციებს, რომლებიც ჩატარდა". – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა, რომლიც თავად მუშაობდა KGB-ში.

პრეზიდენტმა შეაქო საგარეო დაზვერვის სამსახურის მუშაობა და აღნიშნა, რომ მან გავლენა იქონია როგორც რუსეთის, ასევე მსოფლიოს ისტორიაზე.

"ველი, რომ საგარეო დაზვერვის სამსახური გააგრძელებს სწრაფად ცვლად საერთაშორისო კონტექსტზე მოქნილად რეაგირებას, აქტიურად მიიღებს მონაწილეობას რუსეთისთვის პოტენციური საფრთხეების გამოაშკარავებასა და ნეიტრალიზებაში და გააუმჯობესებს ანალიტიკური დოკუმენტების ხარისხს". – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

საგარეო დაზვერვის სამსახურის სათაო ოფისში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ჟურნალისტური გამოძიების ანგარიში, რომლის თანახმადაც, წლებია, რუსეთის ფედერალური უშიშროების სააგენტოს (FSB) წარმომადგენლები უკანონოდ უთვალთვალებენ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, მათ შორის იმ დღესაც, როდესაც ის ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს.

პუტინი ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტების მიერ მოძიებული ინფორმაცია "ინფორმაციული ომის" ნაწილი იყო, ხოლო FSB-ს ნავალნის მოწამვლა რომ სდომოდა, საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.

კომენტარები