ლევან სუთიძე: პატრიარქი - 93%, სანტა კლაუსი - 34%

ძველი ოპოზიციისა და ახალი ხელისუფლების არ იყოს, ძლივს ვუძლებ ცდუნებას NDI-ის ახლადგამოქვეყნებული კვლევა, ლუის ნავაროს ფარულ ნათლობას არ მივაწერო, სადმე, ყორანქედის მამათა სკიტეში. ბოლოსდაბოლოს, ზოგიერთი ჟურნალის რედაქტორივით, შესაძლოა მანაც ჩახედა რომელიღაც მაღალიერარქს წყლიან თვალებში, იქ თავი სახლში იგრძნო და მერე ”რიტორიკა გადააწყო”. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველოს ეკლესიაში დარჩა ისეთი მღვდელი, ნავაროს ფეხს ან თავს წმინდა ემბაზს რომ აკადრებდა. ნუ იყოფინ! ეს ხომ იგივეა, მოგელაძე აზიარო. თანაც, რომელიმე მეუფისთვის თვალებში ჩახედვის წინ, ნავარო სხვა კვლევითი ორგანიზაციის ხელმძღვანელთან არაჯანსაღ კონკურენციაში არ შემჩნეულა. ამის გათვალისწინებით, მოგვიწევს მეუფე ისაიას ვერა, მაგრამ რეალობას მაინც ჩავხედოთ თვალებში. რეალობა კი ის არის, რომ მამა მიქაელ ბოტკოველისა და საპატრიარქოს პრესსამსახურში ყავაზე მომსხდარი ქალების პირით 2009-2010 წლებში ჭეშმარიტება ღაღადებდა, როცა ეკლესიისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების შესახებ განაცხადეს, რომ ”საპატრიარქო მათ საზოგადოების ნაწილად არ თვლის”.

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საქმიანობას ცუდად ან ძალიან ცუდად - 0% მიიჩნევს. ჩვენ არ ვარსებობთ და შესაბამისად, ვერანაირი საზოგადოების, ვერანაირი ნაწილი ვერ ვიქნებით. ახლახან ჩემმა მეგობარმა სალომე უგულავამ მითხრა, წარმოიდგინე პარტია, რომელიც სეკულარულ ღირებულებებზე დგას, პოლიტიკოსი გამოდის და ამბობს, როცა საპატრიარქოს დაფინანსებას უზრდიან, ან მუსლიმებს ჩაგრავენ, ან ექსტრემისტებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ - ”რას ეუბნებით ამ ხალხს?!” და ხელს გიგანტური ნულისკენ იშვერს. მენტალურ აქტიური უმცირესობას, რომელზეც უკბილოდ ხუმრობდა შალვა რამიშვილი, სინამდვილეში პულსი არ ესინჯება.

არანაირი ელექტორალური ძალა, საპატრიარქოს ღირებულებებისადმი უარყოფითად განწყობილ და ამის ხმამაღლა მთქმელ ადამიანებს, არ გაგვაჩნია. იმავე კითხვაზე, როგორ აფასებენ პატრიარქის საქმიანობას, 4% პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო პასუხზე უარს 5% აცხადებს. რაც შეეხება მათ, ვისაც კვლევით ორგანიზაციებთან და ზოგადად, ლაპარაკი არ ეზარება, - მის აღმატებულება ქართულ საზოგადოებას - პატრიარქის საქმიანობას გამოკითხულთა 75% აფასებს ძალიან კარგად, 13% კი - კარგად. 

მთელი უცნაურობა იმაშია, რომ პატრიარქს 93%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო საქართველოში მართლმადიდებელთა რაოდენობა მაქსიმუმ 84%-ია. უხეში გაანგარიშებით, ჩვენი უმცირესობების 16%-დან (საერთო მოსახლეობის), 9%-ს საქართველოს პატრიარქი მოსწონს, ხოლო 7% საერთოდ არ საუბრობს ამ თემაზე. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ შეუძლიათ წაგართვან რელიგიური ნაგებობები, განაგრძონ სკოლებში ბავშვების ინდოქტრინაცია, გცემონ, შექმნან სტიგმა და გელაპარაკონ როგორც უცხოს, ხოლო ჩვენ, რელიგიური უმცირესობები, ამის მიუხედავად იმაზე დიდ სიმპათიას გამოვხატავთ საქართველოს ყველაზე ანტილიბერალური ინსტიტუტის ლიდერისადმი, ვიდრე სანტა კლაუსის მიმართ კანადელები. ან უბრალოდ ვიტყვით, რომ არ ვიცით და გავჩუმდებით.

ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ფასეულობებს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ. რასაც ცუდად ვიცნობთ, უმცირესობათა ფასეულობებია. ჩვენი უმცირესობის ფასეულობებს კი, სამწუხაროდ, სადღაც სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ ივენთებზე, საკუთარი უფლებების შესახებ კნავილის გარდა ბევრი არაფერი შეუძლიათ. რეალური პრობლემების შექმნა ძალადობრივი პოლიტიკის მიმართ, პროტესტის გამოხატვა და საკუთარი უფლებების ლობირება მათთვის ჯერაც უცხო ხილია. რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ქსენოფობიის წინააღმდეგ უნდა იყვნენ დარაზმულნი, სინამდვილეში ერთ დიდ, გაზულუქებულ მასად იქცნენ, რომელთაც საკუთარი ინტეგრაციისთვის თითის განძრევა არ სურთ. 

ახლახანს მუსლიმთა კავშირმა მადლობა გადაუხადა ივანიშვილს, იმისთვის რომ მუსლიმები და მუსლიმების დამშინებლები, ანუ დაზარალებული და დამნაშავე შეარიგა. მუსლიმთა კავშირმა მადლობა თქვა იმის გამო, რომ წინწყაროში არაწინწყაროელი მუსლიმი ვერ ილოცებს. შესაბამისად, შემოგვსაღდა, რომ მურმან დუმბაძის, ქუცნაშვილის, ბესელიასა და წულუკიანის გამოგონებული აბსურდული პოლიტიკა, რომელიც კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვით, მორიგებათა მახინჯ მაგიდებთან მისხდომას გვთავაზობს, სინამდვილეში ეფექტურია.

და რამდენიმე მოფხაკუნე ადამიანს, კვლავ მოუწია მათი უფლებები, მათ გარეშე დაეცვა. კარგი ამ ყველაფერში ის არის, რომ ავტორიტეტული კვლევა ამბობს, რომ ჩვენ არ ვარსებობთ და მიუხედავად ამისა, მაინც შეგვიძლია ხმაური. როდის შევძლებთ ხმაურის გარდა, მოკავშირეების გაზრდა შევძლოთ, ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ამისთვის ჩვენმა უმცირესობებმა საკურთხევლები და სამეფო დარბაზები უნდა დატოვონ. როცა უმცირესობები შეიგნებენ, რომ ყველგან სადაც საჭიროა, საქართველოს ეკლესიის პოლიტიკა უნდა აკრიტიკონ, ხოლო საკუთარი უფლებების დაცვაზე უარი არ უნდა თქვან, რადგან ეს მავნე პრაქტიკისთვის ხელის შეწყობაა, მაშინ გვექნება რაღაც, სახელად - დასავლური ღირებულების სამოქალაქო საზოგადოება.

 

კომენტარები